რითეილ სექტორის განვითარების დინამიკაზე "ბიზნესპარტნიორთან" Quadrum Georgia-ს ("ისთ ფოინთის" დამფუძნებელი კომპანია) მარკეტინგის დირექტორი თეიკო ლომინაძე საუბრობს. მისი ინფორმაციით, თბილისის რითეილ ბაზრით სულ უფრო მეტი საერთაშორისო ბრენდი ინტერესდება.
რითეილ სექტორის წარმომადგენლების თქმით, ასეთი ტიპის ბრენდები განიხილავენ ბაზარზე შემოსვლას როგორც დამოუკიდებელი მაღაზიით, ისე მულტიბრენდულ სივრცეში. ბოლო წლებში, ქვეყანაში ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, თუ სხვა პროდუქციის უამრავმა ახალმა კომპანიამ დაიწყო ოპერირება.
„საერთაშორისო ბრენდების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, იზრდება სავაჭრო ცენტრების დატვირთულობაც. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ „ისთ ფოინთი“ დღე 99%-იანი დატვირთულობით მუშაობს და სწორედ ბრენდების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის გამო გადავწყვიტეთ გაფართოებაც“, - განმარტავს Quadrum Georgia-ს მარკეტინგის დირექტორი.
მისივე ინფორმაციით, პირველი 3 თვის მონაცემების დაჯამება ახლა მიმდინარეობს.
„ჯერ ზუსტ პროცენტს ვერ გეტყვით, მაგრამ მცირედი ზრდა შეინიშნება. ეს ზრდა არ არის პროცენტულად ისეთი მასშტაბური, როგორიც 2022 და 2023 წელს იყო, მიგრაციული ეფექტიდან გამომდინარე. თუმცა, მაინც პოზიტიური ტენდენციაა ზრდის შენარჩუნება. ველოდებით, რომ ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად, ჩვენს სავაჭრო ცენტრში უცხოელი მომხმარებლების რიცხვიც გაიზრდება“, - აღნიშნა ლომინაძემ.
მისივე თქმით, დღეისათვის „ისთ ფოინთის“ მომხმარებლების საშუალო დღიური მაჩვენებელი 20-25 ათასი ადამიანია.
შეგახსენებთ, "ისთ ფოინთმა“ ფაზა 2-ის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო, შედეგად სავაჭრო ცენტრის ტერიტორია გაიზრდება და სივრცეს, 25 ათასი კვადრატული მეტრის კომერციული ფართები დაემატება.