მიმდინარე 2025 წელი, რომლის დასრულებამდეც რამდენიმე დღე რჩება, საცალო ვაჭრობის სექტორისთვის არაერთგვაროვანი აღმოჩნდა. იმ სავაჭრო ცენტრებში, სადაც უმეტესად ტექნიკის მაღაზიებია განთავსებული, ამბობენ, რომ მთელი წლის მანძილზე გაყიდვებში კლება ჰქონდათ. ხოლო, მოლებში, სადაც უფრო მეტად ტანსაცმლის მაღაზიებია წარმოდგენილი, რეალიზაციის მაჩვენებლები გაზრდილია.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „თბილისი ცენტრალის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა განუცხადა, 2025 წელი სექტორისთვის გამოწვევებით სავსე იყო.
„მოგეხსენებათ, „თბილისი ცენტრალში“ უმეტესად ტექნიკის მსხვილი მაღაზიები ოპერირებს და 2025 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 25%-იანი კლება გვქონდა. კლების მაჩვენებლები დაფიქსირდა მეორე კვარტალშიც, მესამე კვარტალში კი ტექნიკის გაყიდვები 10%-ით იყო შემცირებული. თუმცა, წლის ბოლო, ანუ მეოთხე კვარტალი შედარებით უკეთესი აღმოჩნდა და "შავი პარასკევის" აქციებიდან და ასევე, წინა საახალწლო პერიოდიდან გამომდინარე, ტექნიკის რეალიზაცია გაიზარდა. უკეთესი მეოთხე კვარტალის გამო, ვიმედოვნებთ, რომ ამ წლის ჯამური მაჩვენებლებით 2024 წლის მონაცემებზე გავალთ, ან გაყიდვებში მცირედი კლება გვექნება“, - განმარტა ლევან ყარალაშვილმა.
მისივე მოსაზრებით, ტექნიკის გაყიდვების შემცირებაზე წელს გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა მოვლენებმა იქონია. როგორც ის ამბობს, მომხმარებელი შენაძენის გაკეთებისას უფრო ფრთხილი გახდა და ფოკუსი პირველადი მოხმარების საგნებსა და საკვებ პროდუქტებზე გადაიტანა.
„რაც შეეხება ტანსაცმლის რითეილს, ჩვენთან ძირითადად ბიუჯეტური ბრენდებია წარმოდგენილი და მათ გაყიდვების პრობლემა არ ჰქონიათ - ტრადიციულად, ზრდის ტენდენცია შეინარჩუნეს“, - აღნიშნა „თბილისი ცენტრალის" გენერალურმა დირექტორმა.
ლევან ყარალაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ ფასების საკითხზეც ისაუბრა და თქვა, რომ წელს ტექნიკის მიმართულებით ფასების მნიშვნელოვანი მატება არ დაფიქსირებულა. მისივე განცხადებით, ლარის კურსის სტაბილურობიდან გამომდინარე, 2025 წელს ტექნიკა ფაქტობრივად არ გაძვირებულა, ან თუ მოიმატა ღირებულებამ მხოლოდ 2-3%-ის ფარგლებში.