ბოლო 1 წელში, ზღვით საკონტეინერო გადაზიდვების საერთაშორისო ფასის ზრდის მიუხედავად, მოთხოვნა კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება.
როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი მიხეილ ნამადოვი აცხადებს, ლოგისტიკურ და გადამზიდავ კომპანიებს, გადაზიდვების კუთხით, 2024 წელი საკმაოდ წარმატებული ჰქონდათ და გადამუშავებული ტვირთის მოცულობამ იმატა.
ზრდის მაჩვენებლებზე მიუთითებს "საქსტატის" ბოლო ოფიციალური მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის მესამე კვარტალში, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 4 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი გადაამუშავა, რაც თითქმის 14%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
ადგილობრივ გადამზიდავ კომპანიებში ამბობენ, რომ ევროპის ქვეყნებიდან და ასევე, აზიიდან წამოსული ტვირთების მოცულობა მუდმივად მზარდია, რის გამოც, ისინი აუცილებლად მიიჩნევენ დამატებითი საკონტეინერო გემებისა და ბორნების დანიშვნას.
„ამ მხრივ შავ ზღვაში კარგი მდგომარეობა, რა რაოდენობის ბორნებიც ოპერირებს აუდის ტვირთების გადამუშავებას. თუმცა, კასპიის ზღვაში საკონტეინერო გემებისა და ბორნების დეფიციტია და ეს განსაკუთრებით შესამჩნევია ზამთრის პერიოდში“, - განმარტა მიხეილ ნამადოვმა.
აქვე, კომპანიებში განმარტავენ, რომ ეს საკითხი ქართულ მხარეზე არ არის დამოკიდებული და კასპიის ზღვაში ბორნების დამატება, ცალსახად, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის საქმეა.
რაც შეეხება პროგნოზებს, გადამზიდავ კომპანიებში ელიან, რომ 2025 წელსაც ზღვით საკონტეინერო გადაზიდვები მზარდი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ წითელი ზღვის კრიზისი კვლავ აქტუალურია, რის გამოც, გადაზიდვის საერთაშორისო ფასები ისევ მაღალია. ამჟამად, 40-ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვის ღირებულება, დაახლოებით, 6500-6600 დოლარია, მაშინ, როცა წითელი ზღვის კრიზისამდე, ანუ 2024 წლის იანვრამდე, 3000 დოლარი ჯდებოდა.
მზარდია რკინიგზით გადამუშავებული ტვირთების რიცხვიც. როგორც Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი აღნიშნავს, თუ ადრე რკინიგზაზე მოთხოვნა არც თუ ისე მაღალი იყო, წითელ ზღვაში შექმნილი კრიზისი გამო, ბოლო 1 წელში, მისი დატვირთვა მნიშვნელოვნად გაიზარდა, განსაკუთრებით კი ჩინეთის მხრიდან.
ჯამში, ასევე "საქსტატის" 2024 წლის მესამე კვარტალის მონაცემებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 3.6 მლნ. ტონა ტვირთი. თუმცა, გადამზიდავ კომპანიებში ელიან, რომ ბოლო კვარტალის მონაცემებიც რომ გამოქვეყნდება, გაცილებით მაღალი მაჩვენებელი იქნება, რადგან საახალწლო პერიოდში ტვირთების გადამუშავება დიდწილად ჰქონდათ გაზრდილი.
კერძო სექტორში 2025 წლის დინამიკაზეც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ იანვრის პირველი ორი კვირის მონაცემებით, მზარდი მაჩვენებლები ნარჩუნდება.
ცნობისთვის, დღევანდელი მოცემულობით, 40-ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვა რკინიგზით 8800 დოლარი ჯდება.