logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ტურიზმის ახალ კანონში ტურისტული სააგენტოების უფლებები გათვალისწინებული არ არის" - Trip Travel

"ტურიზმის შესახებ" ახალ კანონში ტურისტული სააგენტოების უფლებები გათვალისწინებული არ არის - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ Trip Travel-ის ხელმძღვანელი თინათინ ახობაძე საუბრობს.

მისი თქმით, ცვლილებები რომელიც ტურისტულ სააგენტოებს სურთ, პასუხისმგებლობის გადანაწილების საკითხს მოიცავს.

„მოხარულები ვართ, რომ კანონმდებლობის დონეზე, ჩვენც მოგვაქციეს ყურადღება და უკვე არის კანონი ჩამოყალიბებული. თუმცა, ეს კანონი დასახვეწია, ბევრი ცვლილებაა შესატანი, რადგან ტურსააგენტოების უფლებები არ არის დაცული, ბევრი რამაა შესაცვლელი და იმედია, ამას მივაღწევთ.

შესაცვლელია პასუხისმგებლობის ნაწილი, სადაც მესამე პირი საერთოდ არ განიხილება. შესაბამისად, მესამე პირზე საკმაოდ დიდი დავაა, რადგან, ახლა ტურიზმის სექტორში და ბაზარზე კრიზისია, ბევრი ხარვეზია, როგორც ავიაკომპანიის, ისე სასტუმროების მხრიდან, ან დაჯავშნის სისტემის შემთხვევაში, ხშირია ტექნიკური პრობლემა. მოკლედ, საკმაოდ ბევრი პრობლემა გვექმნება ტურისტულ სააგენტოებს და ამის მოგვარებას ჩვენ ჩვენი ძალებით ვცდილობთ. რა თქმა უნდა, ამას კანონი უნდა არეგულირებდეს, პასუხისმგებლობის ნაწილიც აუცილებლად უნდა იყოს, მაგრამ ეს პასუხისმგებლობა გადანაწილებული უნდა იყოს სწორად, როგორც მომხმარებელზე, ასევე, ტურისტულ სააგენტოებზე. ჩვენ პასუხისმგებლობას არ ავიცილებთ არავითარ შემთხვევაში, თუმცა, ეს აუცილებლად სწორად უნდა იყოს განსაზღვრული“ - აცხადებს „ბიზნესპარტნიორთან“ თინათინ ახობაძე.

„ტურიზმის შესახებ“ ახალი კანონი გასული წლის ბოლოს დაამტკიცა პარლამენტმა. კანონმდებლობის ნაწილი უკვე ამოქმედდა 1 ივნისს უკვე ამოქმედდა, მათ შორის ისეთი საკითხები, როგორიცაა მაღალი რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებების სიისა და ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცება, სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლის  საქმიანობის სფეროებისა და კომპეტენციების რეგლამენტის დამტკიცება.

ახალი ვალდებულებები, რომელიც ტურისტულ სააგენტოებს ეხებათ, ეტაპობრივად 2026-2027 წლებში ამოქმედდება. მათ შორის, შემოდის ტუროპერატორების გადახდისუუნარობის უზრუნველყოფის ვალდებულებები. ტურისტულ პაკეტთან დაკავშირებული სტანდარტული ფორმები კი 2026 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში.

გამოგვყევით