logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"უცხოელ მყიდველს ამ ჩანთებში ვინტაჟური სტილი, ინდივიდუალიზმი და ხარისხი იზიდავს" - Eya წარმოების გაფართოებას გეგმავს

ვინტაჟისა და თანამედროვე სტილის შერწყმით შექმნილ, ქართულ ხელნაკეთ ჩანთებზე, სახელწოდებით Eya - უცხოურ ბაზრებზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. ქართული პროდუქტი გაყიდვების საერთაშორისო პლატფორმა ETSY-ზეა განთავსებული და აქედან მას მსოფლიოს ყველა წერტილიდან იწერენ.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Eya-ს თანადამფუძნებელმა ნატალია ჩიტიაშვილმა განუცხადა, გაყიდვების მაჩვენებელი განსაკუთრებით მზარდი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპულ ქვეყნებშია.

„უცხოელ მყიდველს ამ ჩანთებში ვინტაჟური სტილი, ასევე ინდივიდუალიზმი და ხარისხი იზიდავს. ჩანთების წარმოებისას სამუშაოს დიდი ნაწილი ხელით სრულდება. ზოგი მათგანი მცირე დოზით, ზოგი კი სრულად მოქარგულია. მათ შეიძლება ჰქონდეთ მაიას ტომების, ან უძველესი ქვაზე ამოტვიფრული ნახატის, ან თუნდაც ბუდას ნაქარგი. ის, რაც თითოეულ ჩანთას აერთიანებს ინდივიდუალიზმია. ისინი არაა სერიული წარმოების და ლიმიტირებულია“, - განმარტავს Eya-ს თანადამფუძნებელი.

ნატალია ჩიტიაშვილი გამოწვევებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ვინტაჟური, ხელნაკეთი ჩანთების წარმოება დიდ რესურსს მოითხოვს.

„ადგილობრივ ბაზარზე საჭირო ნედლეულის მოძიება ჭირს, ამიტომ, იტალიიდან გვიწევს ქსოვილების იმპორტი, რომლებიც საკმაოდ ძვირად ღირებულია. გარდა ამისა, რთულია სხვა საჭირო დეტალების მოძიებაც, მაგალითად - ჯაჭვები, შესაკრავები. საბოლოო ჯამში, მასალების სიძვირე ზრდის წარმოების ფასებს და ჩვენი პროდუქტი მაღალ საფასო სეგმენტში გადის“, - აღნიშნავს ნატალია ჩიტიაშვილი. 

Eya-ს თანადამფუძნებელი სამომავლო გეგმებზეც ამახვილებს  ყურადღებას და აღნიშნავს, რომ საწარმო, რომელიც ვინტაჟის და თანამედროვე სტილის შერწყმით ქართულ ხელნაკეთ ჩანთებს ქმნის, წარმადობისა და ბრუნვის გაზრდას გეგმავს.

„დღეს საკმაოდ მცირე წარმოება გვაქვს, შესაბამისად მცირეა - ჩვენი მოგებაც. ამიტომ, ვაპირებთ წარმოება გავაფართოოთ. გარდა ამისა, განიხილება საერთაშორისო ბაზრებზე გაყიდვების კიდევ უფრო გააქტიურება და ახალი კოლექციების დამატება“, - აცხადებს „ბიზნესპარტნიორთან" ნატალია ჩიტიაშვილი.

მისივე განმარტებით, Eya-ს სამიზნე ბაზარი ასაკობრივად შეზღუდული არ არის და მას როგორც პირადი მოხმარებისთვის, ისე საჩუქრად, ყველა ასაკის ადამიანი ყიდულობს.

გამოგვყევით