„დასაქმების პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით ქვეყანაში საკმაოდ ბევრი ნაბიჯი იქნა გადადგმული, მაინც მთავარ გამოწვევად რჩება,“- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, გენდერული საბჭოს წევრი რიმა ბერაძემ გადაცემაში “ბიზნესპარტნიორი“ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, განსაკუთრებით გამოწვევას წარმოადგენს ქალთა დასაქმება, ამ კუთხით მუშაობა მიმდინარეობს.
„ქალთა ეკონომიკური გაძლიერება პირდაპირ გულისხმობს, რომ მოხდეს მათთვის ხელშეწყობა იმისათვის, რათა დასაქმდნენ. ჯერ კიდევ 2018 წლიდან, ამ კუთხით ძალიან ბევრი რამ იქნა გაკეთებული. კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შეიქმნა სპეციალური სამსახური, სადაც მიმდინარეობდა გამოკვლევები, თუ რა ინტერესები არსებობდა ჩვენს საზოგადოებაში და ქალბატონებს რა სურდათ.
გამოიკვეთა ყველაზე მთავარი გამოწვევა, რომ არ იყვნენ ინფორმირებულები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. შრომის ბაზარზე იყო შესაბამისობა, არსებობდა ვაკანსიები, მაგრამ არ ჰქონდათ ინფორმაცია. ამისათვის ჩვენი მთავარი ამოცანა გახდა, მიგვეწოდებინა ინფორმაცია ქალბატონებისთვის და სამიზნე ჯგუფებს შევხვედროდით. საწყის ეტაპზე თბილისის მასშტაბით ქალბატონების 65%-მა, 2500-მა ადამიანმა მოგვმართა, თითქმის ყველა რაიონის წარმომადგენლობა იყო, შესაბამისი დასაქმების კუთხით ბიუროები შეიქმნა, სადაც ხდებოდა მათი წარმოდგენა, დამსაქმებლისა და სამუშაოს მაძიებლის შეხვედრა, იქვე ხდებოდა ონლაინ რეჟიმში ახსნა, თუ რა შესაძლებლობა, რა უნარები გააჩნდათ ქალბატონებს და რა გამოწვევების წინაშე იდგნენ. სოციალური სამსახურები ასევე ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები, შეიქმნა სპეციალური საინფორმაციო ვიდეორგოლები და ვებგვერდი, სადაც მოქალაქეს შეეძლო აეტვირთა თუ რა ინტერესები ჰქონდათ, რა გამოწვევები იყო მათ წინაშე დამდგარი. ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ჩვენს წინაშე მთავარი პრიორიტეტი კვლავ რჩება დასაქმების საკითხი ქალბატონებსა და მამაკაცებშიც მთავარ გამოწვევად", - განაცხადა რიმა ბერაძემ.
საჯარო სექტორში დასაქმებასთან დაკავშირებით ბერაძემ აღნიშნა, რომ ქალებს აქვთ სურვილი, ამ სფეროში დასაქმდნენ, თუმცა ამის საშუალება არ ეძლევათ. ამის მიზეზად მან ინფორმაციის და საზოგადოების ცნობიერება ნაკლებობის პრობლემა დაასახელა.
,,როცა ჩვენ ვსაუბრობთ ქალების დასაქმებაზე, მათი ეკონომიკურად გაძლიერებასა და ხელშეწყობაზე, ერთ-ერთი პირობა იყო მათი ჩართულობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის საჯარო სექტორში. სახელმწიფო სთავაზობს ტრენინგებს, სასწავლო კურსებს, მაქსიმალურ ჩართულობას ყველა იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რამაც შესაძლოა მათთვის ეს ფორმატი ხელმისაწვდომი გახადოს. თუმცა ვხედავთ, რომ ხშირად, როცა ვაკანსიები არის გამოცხადებული, ცოტა მონაწილეობს. როდესაც საბაზრო მოთხოვნა არის, თუნდაც საჯარო, ესა თუ ის პირი ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. საჭიროა სამოქალაქო საზოგადოების აღზრდა და გაზრდა იმისთვის, რომ გვყავდეს მაღალი პროფესიონალები და ისეთი მუშაკები, როგორიც დამსაქმებელს სჭირდება. ვიდეორგოლების და სოციალური ქსელების საშუალებით სისტემატურად მიეწოდებათ ინფორმაცია ვაკანსიებთან დაკავშირებით", - განმარტა რიმა ბერაძემ.
დასაქმების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად მან არაფორმალური დასაქმება დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებაშიც მთავარი გამოწვევა ცნობიერების ნაკლებობაა.
,,არიან დიასახლისები, რომლებსაც მიუხედავად იმისა, რომ შეუძლიათ თავიანთი თავის რეალიზება მოახდინონ, ვერ იღებენ გადაწყვეტილებას. სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, დავეხმაროთ გადაწყვეტილების მიღებაში და იმ ვაკანსიების შერჩევაში, რომელიც ბაზარს აქვს გამოცხადებული. სოციალური წარმომადგენლები ხვდებიან ამ კონკრეტულ ადამიანებს, ვინც აკეთებს განაცხადს. დახმარება მაქსიმალურია, თუმცა კიდევ ბევრი სამუშაოა გასატარებელი, რომ ამაღლდეს საზოგადოების აქტივობა და ცნობიერება იმ თვალსაზრისით, რომ დამსაქმებელმა და სამუშაოს მაძიებელმაც გაათვითცნობიეროს, რა გვინდა, სად გვინდა და როგორ გვინდა, რისი გაკეთება შეგვიძლია", - განაცხადა რიმა ბერაძემ.
რაც შეეხება დასაქმების ფორმატში რეგიონების ჩართულობას, როგორც “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, გენდერული საბჭოს წევრმა აღნიშნა, მთელი რეგიონის მასშტაბით შექმნილია ქალთა ორგანიზაციები, რომლებშიც ძალიან აქტიური ქალბატონები არიან ჩართული.
,,რეგიონებში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ეკონომიკური ხელშეწყობა ქალბატონებისთვის, ამ კუთხით დიდი მუშაობა მიმდინარეობს სოციალურ სამსახურებთან და მიზნობრივ ჯგუფებთან ერთად, რომლებიც ხვდებიან დასაქმების მაძიებელ ქალბატონებს, რომლებსაც აქვთ ინტერესი და ჩვენი თანადგომა სჭირდებათ. აბსოლუტურად ყველა რეგიონში მიმდინარეობს მუშაობა. ჯერჯერობით ხდება მოკვლევა, თუ ვინ არის დაინტერესებული და შემდეგ ხდება შეთავაზება, რა შეუძლია თითოეულ მათგანს. სად დასაქმდნენ იმისათვის, რათა მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაიზარდოს. მიზნობრივი ჯგუფების შერჩევისას გამოიკვეთა, რომ ბევრი ქალბატონია, რომელსაც სურდა ბიზნესის წამოწყება, მაგრამ არ იცოდა, საიდან დაეწყო. ორგანიზება მოვახდინეთ და ამ ჯგუფებთან ჩატარდა სპეციალური მუშაობა, შეემუშავებინათ ბიზნესგეგმა, როგორ გაეკეთებინათ პროექტები ანუ პირველადი ნაბიჯების გადადგმა ხდებოდა ჩვენთან ერთად. როდესაც ინტერესთა სფერო გამოხატულია, მაქსიმალურად ვეხმარებით, ,,აწარმოე საქართველოში" და აგროპროექტებში ჩაერთონ. ამ ეტაპზე გამოწვევებთან ერთად, გვაქვს წარმატების ძალიან კარგი მაგალითი, თუ რა შედეგს მიაღწიეს ქალბატონებმა შრომის ბაზარზე", - განაცხადა რიმა ბერაძემ ''ბიზნესპარტნიორთან".
მისი ინფორმაციით, ყველა რეგიონში არსებობს ,,ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციები, სოციალური სამსახურები და სპეციალური ვებგვერდი, სადაც ქალბატონებს შეუძლიათ მივიდნენ, დარეგისტრირდნენ, გაეცნონ გამოცხადებულ ვაკანსიებს. სახელმწიფო კი მზადაა, მათ საკუთარი უნარების რეალიზაციაში დაეხმაროს.