ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, 2025 წელი პოზიტიური იყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით - ექსპორტის 11.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მისი მოცულობა რეკორდულ - 7,291.2 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. ამასთან, ვახტანგ ცინცაძე აღნიშნავს, რომ რეკორდულია სავაჭრო ბრუნვის მონაცემები - ზრდამ 10.1%-ი, მოცულობამ კი - 25,820.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.
მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ 12.5%-ით არის გაზრდილი ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა და მისი ოდენობა 3,367.4 მლნ. აშშ. დოლარია. „ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი ექსპორტის აღნიშნული ზრდა, ვინაიდან ის პირდაპირ მეტყველებს, რამდენად კონკურენტუნარიანია საქართველოში წარმოებული პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე “, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის დეკემბერში ექსპორტი 22.5%-ით გაიზარდა და 673.2 მლნ. აშშ. დოლარს მიაღწია, ადგილობრივი ექსპორტი კი 2024 წლის დეკემბერთან შედარებით 58.1%-ითაა გაზრდილი და მისი მოცულობა 368.0 მლნ. აშშ. დოლარს უტოლდება. მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ არსებულ დინამიკას საქართველოს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველოს მთავრობა ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით აქტიურად მუშაობს. „ჩვენ გვაქვს მექანიზმები, რომლებიც ადგილობრივ მწარმოებლებს პროდუქციის საქართველოში წარმოების განვითარებაში ეხმარება. ასევე, მათ შესაძლებლობებს აძლევს, რომ გავიდნენ საერთაშორისო ბაზრებზე“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ. მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე, რომლებსაც მთავრობა აფართოებს მსოფლიოს არაერთ ქვეყანასთან. „მთავრობის მიზანია საქართველოში წარმოებული პროდუქცია იყოს კონკურენტუნარიანი - როგორც შიდა, ისე საგარეო ბაზარზე,“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.