"საქსტატის" მონაცემების თანახმად, 2025 წლის დეკემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 6.1 პროცენტიანი მატება.
2025 წლის ნოემბერთან შედარებით ფასები 0.2 პროცენტით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.01 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.2 პროცენტი), რამაც 0.19 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა კვების პროდუქტებზე (0.4 პროცენტი) და ძირითად ლითონებზე (3.0 პროცენტი). გარდა ამისა, ფასების 1.0 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.1 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
- სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 22.4 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.44 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (30.8 პროცენტი);
- დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 4.8 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 3.83 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (11.5 პროცენტი) და ძირითად ლითონებზე (5.3 პროცენტი);
- ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 7.6 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.79 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;
- წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 1.5 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.04 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.
რაც შეეხება ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასებსს - ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში ფასების 0.3 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე.
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 5.4 პროცენტით გაიზარდა. სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე ფასები 3.5 პროცენტით შემცირდა, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 5.6 პროცენტით გაიზარდა, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე 7.0 პროცენტით, ხოლო წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე დაფიქსირდა ფასების 0.01 პროცენტიანი კლება.
მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსები კი ასე გამოიყურება:
- მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1.6 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით შემცირდა 1.1 პროცენტით;
- სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.01 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 0.2 პროცენტით;
- მწარმოებელთა ფასების ინდექსი დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვების უზრუნველყოფით მომსახურებაზე წინა თვესთან შედარებით უცვლელია, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 6.1 პროცენტით.