ველოდებით ტვირთნაკადების ზრდას, რისთვისაც დამატებითი ინვესტიციები უნდა განვახორციელოთ, - ამის შესახებ ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ზვიად ჩხარტიშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, აქცენტი საზღვაო სერვისების განვითარების მიმართულებითაც გაკეთდება.
"2025 წელს რეკორდულ მაჩვენებლებზე გავედით და 636 000 კონტეინერზე მეტი დავამუშავეთ, მაშინ როცა ჩვენი წლიური სიმძლავრე 600 000-ს შეადგენს. 2024 წელთან შედარებით, 2025 წელს 17%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზარზე არსებული რეალობის გათვალისწინებით, ჩვენ ყოველთვის ვახორციელებთ მომდევნო წლის დაგეგმვას. 2025 წელს 15 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია განვახორციელეთ და დამატებით ტერიტორია შევიძინეთ, რის ხარჯზეც შევძელით 600 000 კონტეინერამდე გაგვეზარდა ჩვენი წლიური სიმძლავრე", - აცხადებს ზვიად ჩხარტიშვილი.
გარდა ამისა, მან შუა დერეფნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შუა დერეფანი სტაბილური დერეფნის სტატუსს იძენს და სწორედ ამიტომ, აუცილებელია გამტარუნარიანობის ზრდა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
"შუა დერეფანი სტაბილური დერეფნის სტატუსს იძენს. ახლა უკვე საჭიროა განვითარდეს და მისი გამტარუნარიანობა გაიზარდოს, მათ შორის, ბიზნეს მოდელი შეიცვალოს და მეტი კერძო კომპანია იყოს ჩართული. შუა დერეფანში ერთიან ოპერატორზეც არის საუბარი, რომელიც ჯერ ვერ ოპერირებს, მაგრამ პროცესი იძვრება. ინფრასტრუქტურის მხრივ ყაზახეთი-ჩინეთის საზღვარზე ტერმინალების რაოდენობა იძვრება, ბაქოს და აზერბაიჯანის პორტი არის საკმაოდ აქტიურია. საქართველოში რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი დასრულდა ანუ გაიზარდა გამტარუნარიანობა. აგრეთვე, საავტომობილო გზის მონაკვეთები გაიხსნა და ახლა დარჩა ნავსადგურები. საქართველოს ნავსადგურების მხრივ სერიოზული ჩამორჩენა აქვს, რაც ყურადსაღებია", - აცხადებს ზვიად ჩხარტიშვილი.