logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

YouTube მოზარდთა ანგარიშებზე კონტროლს ამკაცრებს - CNN

YouTube მოზარდთა ანგარიშებზე კონტროლს ამკაცრებს - CNN

1768490040

ოჯახების, ადვოკატებისა და კანონმდებლების მხრიდან მზარდი ზეწოლის საპასუხოდ, YouTube-მა ახალგაზრდა მომხმარებლების დასაცავად ახალი წესები შემოიღო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

ცვლილებების შედეგად, მშობლებს შესაძლებლობა ეძლევათ, შვილების ანგარიშებზე დროის ლიმიტები დააწესონ, ხოლო ახალი ანგარიშების შექმნის პროცესი მათთვის კიდევ უფრო გამარტივდა.

YouTube-ის განცხადებით, მშობლებს შეუძლიათ Shorts-ის ყურების ლიმიტი ნულამდე შეამცირონ, თუ სურთ, რომ მოზარდებმა პლატფორმა მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოიყენონ. ასევე, გართობის მიზნით, მაგალითად ხანგრძლივი მოგზაურობის დროს, ლიმიტის 60 წუთამდე გაზრდაც იქნება შესაძლებელი.

ცვლილებები რეკომენდირებულ კონტენტსაც შეეხება. კომპანიის ცნობით, პრიორიტეტი მიენიჭება ვიდეოებს, რომლებიც მიმართულია „ცნობისმოყვარეობისა და შთაგონების გაღვივებაზე“, „ცხოვრებისეული უნარებისა და გამოცდილების განვითარებაზე“. ამასთან, მოზარდებს აეკრძალებათ საშიში და საზიანო შინაარსის ვიდეოების ნახვა.

მსგავსი ზომები უკვე დანერგეს სხვა მსხვილმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმაც, მათ შორის Instagram-მა, ChatGPT-მა და Character.AI-მ, რომლებმაც მშობლის კონტროლის ფუნქციები და ახალი მომხმარებლებისთვის კონტენტის შეზღუდვები დაამატეს.

Google-ის პლატფორმები ყურადღების ცენტრში LinkedIn-ზე გავრცელებული ვირუსული პოსტის შემდეგ მოექცა. ონლაინ ბავშვთა უსაფრთხოების დამცველმა, მელისა მაკკეიმ გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ჩანს, როგორ აფრთხილებს Google-ი მის თითქმის 13 წლის შვილს, რომ მალე შეძლებს მშობლის ზედამხედველობის პარამეტრების მოხსნას.

Google-ის კონფიდენციალურობის, უსაფრთხოების და დაცვის დირექტორის, ქეით შარლეტის განცხადებით, კომპანიამ პოლიტიკა განაახლა, რომლის მიხედვითაც 13 წელს გადაცილებულ ბავშვებს მშობლის თანხმობა დასჭირდებათ, სანამ ანგარიშიდან მშობლის ზედამხედველობის ფუნქციის გამორთვას შეძლებენ.

„ეს ცვლილებები უზრუნველყოფს დაცვის შენარჩუნებას მანამ, სანამ როგორც მშობელი, ისე მოზარდი მზად შემდეგი ეტაპისთვის არ იქნება,“ – აღნიშნა ქეით შარლეტმა.

ანი ჯალაღონია 

გამოგვყევით