პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას მესამე მოსმენით, 84 ხმით ერთხმად დაუჭირა მხარი.
როგორც საკითხზე მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა განმარტა, კანონპროექტის თანახმად, მთავრობისგან თანხმობის მიღების ვალდებულებას აღარ დაექვემდებარება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, „ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe) და ევროკავშირის პროგრამა ერაზმუს+ (Erasmus+)-ის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის შემოქმედებითი ევროპის პროგრამის ფარგლებში გაცემული გრანტები.
კანონპროექტის მიხედვით, გრანტის ცნების შესახებ ჩანაწერიც ზუსტდება. კერძოდ, ცვლილებით, მათ შორის, ტექნიკური თუ საექსპერტო დახმარება, ცოდნის გაზიარება და სხვა მსგავსი კონტრიბუცია, ასევე მიჩნეული იქნება გრანტად. გარკვეული ტექნიკური დაზუსტებებია გრანტის ფარგლებში გაცემული სახსრების გამოყენების სფეროებთან მიმართებითაც, რომელიც უკავშირდება ჰუმანიტარულ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს და აგრეთვე, ზუსტდება გრანტის გამცემის სუბიექტების ნუსხა.