logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ფეროშენადნობების საექსპორტო ფასი $400-ით გაიზარდა

ღრმა კრიზისის შემდეგ, ფეროშენადნობების სექტორში დადებითი ძვრები შეინიშნება. როგორც ფეროშენადნობების ასოციაციის ხელმძღვანელი ნუგზარ კევლიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას აცხადებს, ბაზარზე მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა, რაც ფეროშენადნობების საექსპორტო ფასის ზრდამ გამოიწვია.

„თუ შევადარებთ გასული წლის დეკემბრის თვეს, 400 დოლარით არის მომატებული ფეროშენადნობების საექსპორტო ღირებულება. მიზეზი წითელ ზღვაში განვითარებული მოვლენებია, როგორც იცით,  ლოგისტიკის ფასი გაიზარდა ევროპისკენ. ამან უპირატესობაში ჩაგვაგდო ქართველი მეწარმეები, რადგან გადაზიდვა თურქეთის მიმართულებით  გაცილებით იაფი გვიჯდება. მიუხედავად ამ დადებითი ცვლილებებისა, 2022 წლის მონაცემებთან შედარებით ჯერ ისევ ძალიან დაბალია საექსპორტო ფასი. როგორც იცით ბაზარზე 2023 წლის დეკემბრის ჩათვლით ფასების კლება იყო. ამ წლის იანვრიდან მოყოლებული კი 1350-1400 დოლარამდე ავიდა ფეროშენადნობების ღირებულება. ეს იმედს გვაძლევს, რომ შეიძლება ფასი კიდევ გაიზარდოს,“-აღნიშნავს ნუგზარ კევლიშვილი.

მისივე განმარტებით, ფეროშენადნობების საექსპორტო ფასის ზრდის პარალელურად, იმ კომპანიების ნაწილმა, რომელთაც საწარმოო პროცესი შეჩერებული ჰქონდათ, წარმოება განაახლეს.

„თუ მანამდე ბაზარზე არსებული საწარმოების 80% იყო გაჩერებული, ახლა 45% უკვე ოპერირებს და იმედის ნაპერწკალი გაჩნდა. ამასთან, ამ პერიოდში ელექტროენერგიაზე ფასი დაბალია. შესაბამისად, მწარმოებლებს კარგად ესმით, რომ  თუ წარმოების განახლებას აპირებ, სჯობს ეს პერიოდი გამოიყენო.  ამანაც ბიძგი მისცა ბაზარს,“-აღნიშნავს ნუგზარ კევლიშვილი.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ბაზარზე არსებული 20 საწარმოდან 9 ფუნქციონირებს.

ცნობისთვის, 2024 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტზე  82 მლნ დოლარის ღირებულების ფეროშენადნობები გავიდა. 2023 წლის იანვარ-აპრილში კი  ეს მაჩვენებელი  84 მლნ დოლარი იყო. კლება 2.4%-ია. ფეროშენადნობები საქართველოსთვის უმსხვილესი  საექსპორტო პროდუქტების ათეულში  მესამე ადგილს იკავებს. 

გამოგვყევით