რუსთავის აზოტმა იანვრიდან ივნისამდე პერიოდში 185 000 ტონა ამონიუმის ნიტრატის ექსპორტი განახორციელა. როგორც "რუსთავის აზოტის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ბურდილაძემ "ბიზნესპარტნიორთან" საუბრისას განმარტა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 162 000 ტონა იყო.
მისივე ინფორმაციით, მიუხედავად რაოდენობრივი მაჩვენებლების ზრდისა, აზოტოვანი სასუქების ექსპორტისგან მიღებული შემოსავალი კვლავ შემცირებას აჩვენებს. როგორც ლევან ბურდილაძემ აღნიშნა, მიზეზი მსოფლიო ბაზარზე ფასების მკვეთრი ვარდნაა.
„სეზონის პიკის პერიოდშიც კი ფასები ძალიან დაბალი იყო და 230-250 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. რაც არის ძალიან დაბალი. ასეთი ფასი ბოლო 7-8 წლის განმავლობაში ძნელად მახსენდება. შეიძლება ითქვას, რომ წელს სრულად ჩამოიშალა აზოტოვანი სასუქების ბაზარზე ფასები. ახლა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სეზონი დასასრულს მიუახლოვდა, ამ კუთხით პოზიტიურ მოვლენებს არ უნდა ველოდოთ, რადგან აზოტოვანი სასუქები სეზონური პროდუქტია და დაკავშირებულია საგაზაფხულო სამუშაოებთან. ზაფხულში კი ამ პროდუქტზე მოთხოვნა არ არსებობს,“- აღნიშნავს ლევან ბურდილაძე.
რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, "რუსთავის აზოტის" მიერ წარმოებული პროდუქციის 36% ექსპორტზე ევროკავშირის ქვეყნებში გადის.
„ევროპა ჩვენთვის სტრატეგიული ბაზარია და ასეთად დარჩება, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ როგორც იცით ჩვენ გათავისუფლებული ვართ ანტიდემპინგისა და საბაჟო მოსაკრებლის გადასახადისგან. ეს გვანიჭებს გარკვეულ უპირატესობას. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან რთული იქნებოდა კონკურენციის გაწევა რუსი მწარმოებლებისთვის, რომელთა მიერ წარმოებული აზოტოვანი სასუქების თვითღირებულება ჩვენთან შედარებით სამჯერ დაბალია.“-აღნიშნავს ლევან ბურდილაძე.
ცნობისთვის, იანვარ აპრილში აზოტოვანი სასუქების ექსპორტისგან მიღებული შემოსავალი 35%-ით შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში ექსპორტზე 45 მლნ დოლარის ღირებულების აზოტოვანი სასუქები გავიდა, 2023 წლის იანვარ აპრილში კი აზოტოვანი სასუქების ექსპორტისგან მიღებული შემოსავალი 70 მლნ დოლარს აჭარბებდა.