დღევანდელი განცხადება, რომელიც გავრცელდა კვერცხის ფასების კლებასთან დაკავშირებით, შეიძლება შეფასდეს, როგორც დადებითი მოვლენა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
ლევან ჟორჟოლიანის შეფასებით, ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ პროცესი, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაიწყო სურსათის პროდუქციაზე ფასების კლებასთან დაკავშირებით, არა მხოლოდ სწორია, არამედ სამართლიანიც არის.
„კარგია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ან ამ კონკრეტული პროდუქციის მიმართ, ან სხვა პროდუქციის მიმართ, ამოიწურა შეკითხვები. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. ეს ყველაფერი აჩვენებს დადებით დინამიკას და ასევე გვაჩვენებს, რომ ის პროცესი, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაიწყო სურსათის პროდუქციაზე ფასების კლებასთან დაკავშირებით, არა მხოლოდ სწორია, არამედ სამართლიანიც არის. ვფიქრობთ, რომ უნდა გაგრძელდეს აქტიური მუშაობა, როგორც სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმის გამოყენებით, ასევე - საპარლამენტო ფორმატში“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
ცნობისთვის, მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრმა კომპანიებმა კვერცხზე ფასის შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს. კერძოდ, „სავანეთი“, „დილა“, „კოდა“ და „კუმისი“ აცხადებენ, რომ მათ მიერ წარმოებულ კვერცხზე, როგორც პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტზე, ფასის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს და ფასის შემცირება 5%-იანი იქნება.
ასოციაციის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის გათვალისწინებით, რომელიც სასურსათო პროდუქციის ფასების შემცირებას უკავშირდება.
შეგახსენებთ, სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომელიც მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებს. დროებით კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს.
საპარლამენტო კომისიამდე ფასებთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო სამთავრობო კომისიამ. გადაწყვეტილება პრემიერის განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც საქართველოში სურსათის ფასების მაჩვენებელი ევროპის ქვეყნებთან შედარებით მაღალია. ფასებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა აპრილში იქნება.