გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პრორექტორის, ვახტანგ ჭარაიას შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის ნაწილი ეკონომიკურ ზრდას საკუთარ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ გრძნობს, ქვეყნის ეკონომიკა წლიდან წლამდე სტაბილურობას ინარჩუნებს და პოზიტიურ შედეგებს აჩვენებს.
როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში პროფესორი აღნიშნავს, ქვეყნის წინაშე გარკვეული სახის გამოწვევაა, კერძოდ, უნდა შეიქმნას ახალი, მასობრივი დასაქმების დარგები, რათა მაღალი ეკონომიკური ტემპი მოსახლეობამ უფრო რეალურად იგრძნოს.
"შეიძლება მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ფიქრობდეს, თუ ამდენი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა იყო, პირადად ჩემი ცხოვრება რატომ არ უმჯობესდება?! ცალკე აღებულ ინდივიდზე, შესაძლოა ეს ყველაფერი არ ისახებოდეს. ზოგადად, უპირატესობა ქვეყანაში იქმნება იმის ხარჯზე, როდესაც მაღალი ეკონომიკური ზრდაა, მაგრამ იმ გადმოსახედიდან, რომ ქვეყანაში ახალი დარგები ვითარდებოდეს და ისეთი დარგები გვქონდეს, რომელიც მასობრივი დასაქმების წყარო გახდება, გარკვეული გამოწვევა გვაქვს.
ქვეყანაში არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდა ყველასთვის ერთნაირად აღქმადი არ არის, მაგრამ ფაქტი, რომ ზრდა გვაქვს, უდავოა. ამ ყველაფერს საერთაშორისო ორგანიზაციებიც აღიარებენ, მთლიანობაში საქართველომ მოახერხა ნეგატიური მუხტის გადაძალვა, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ევროკავშირიდან მოდიოდა. ყოველ წელს იყო განწყობა, რომ მომდევნო წელი უარესი იქმნებოდა, თუმცა საქართველოს ეკონომიკა წლიდან წლამდე სტაბილურობას აჩვენებს", - აცხადებს ვახტანგ ჭარაია.
ცნობისთვის, მსოფლიო ბანკი 2025 წლისთვის საქართველოს ეკონომიკურ ზრდის პროგნოზს 7%-მდე ზრდის.
დოკუმენტის მიხედვით, 2026 წლისთვის ქვეყანაში 5.5%-ის ეკონომიკური ზრდაა ნავარაუდევი, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით მეტია.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა მხარდაჭერილია ტურიზმის, სამშენებლო სექტორის და ენერგეტიკის განვითარებით, თუმცა სტრუქტურული გამოწვევები კვლავ რჩება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტორია კერძო სექტორის ზრდა, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება, ასევე ინვესტიციების მოზიდვა ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით.
ანგარიშის მიხედვით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სადაც საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი შედიან, განსაკუთრებული პოტენციალია განახლებადი ენერგიის, ლოგისტიკისა და ციფრული ბიზნესების განვითარებისთვის. საქართველო, როგორც ტრანზიტული ქვეყანა, ითვლება ერთ-ერთ მთავარ ენერგეტიკულ და სატრანსპორტო კორიდორად რეგიონში, რაც ზრდის მის მნიშვნელობას რეგიონულ ვაჭრობაში.
ცნობისთვის, ბოლო ერთი თვის განმავლობაში მსოფლიო ბანკის მსგავსად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა EBRD-მა და ADB-იმ.