„შუა დერეფანთან დაკავშირებულ ენერგეტიკულ და ლოგისტიკურ საინვესტიციო პროექტებზე სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ერთად ვიმუშავებთ“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარემ მიხეილ ხიდურელმა, რომელმაც უზბეკეთის ქალაქ ტაშკენტში გამართულ ცენტრალური აზიისა და კავკასიის საინვესტიციო საბჭოების რეგიონული ალიანსის (RAIC-CAC) სადამფუძნებლო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
როგორც მიხეილ ხიდურელმა აღნიშნა, საინვესტიციო საბჭოების რეგიონული ალიანსი ორიენტირებული იქნება კომპლექსური და მასშტაბური პროექტების განხორციელებაზე, რაც გააღრმავებს რეგიონულ კავშირებს და გაზრდის დაკავშირებადობას ორგანიზაციის დამფუძნებელ ქვეყნებს შორის.
“ალიანსის ფორმატი კარგი შესაძლებლობაა განხორციელდეს ისეთი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონის ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას, გაამყარებს ხალხთა შორის კავშირებს და გაზრდის ინვესტიციებს რეგიონში,” - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.
სააგენტოს თავმჯდომარემ ალიანსის წევრებს ინვესტიციების მოზიდვის წარმატებული გამოცდილება გაუზიარა. შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ალიანსის დაფუძნების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ინვესტიციების მოზიდვის კუთხით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას.
„ვიზიტის ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა ალიანსის წევრი პარტნიორებისთვის გაგვეზიარებინა საქართველოს წარმატებული გამოცდილება ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. მჯერა, რომ ეს ალიანსი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებაში,” - აღნიშნა საინვესტიციო სააგენტოს თავმჯდომარემ.
ტაშკენტის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში, მიხეილ ხიდურელმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში სახელწოდებით „ცენტრალური აზიისა და კავკასიის საინვესტიციო საბჭოების რეგიონული ალიანსი: რეგიონული საინვესტიციო პოტენციალის ათვისება”