logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"სავალუტო რეზერვებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და $7 მლრდ-ს გადააჭარბა" - პრემიერი

"სავალუტო რეზერვებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და $7 მლრდ-ს გადააჭარბა" - პრემიერი

1782465358

2025 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა 7,6 პროცენტით და შეადგინა დაახლოებით 1,7 მილიარდი დოლარი. სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი შემცირდა 42,4 პროცენტამდე. ძალიან მნიშვნელოვანია ლარის კურსის სტაბილურობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2,65-ის ფარგლებში სტაბილურად ნარჩუნდებოდა ლარის კურსი და ახლა 2,65-ზე ქვემოთ არის ჩამოსული.

„სავალუტო რეზერვებმა ამის პარალელურად მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს და გადააჭარბა 7 მილიარდ დოლარს. მხოლოდ გასულ თვეში, მაისში, ეროვნულმა ბანკმა შეისყიდა რეკორდული ოდენობის 633 მილიონი დოლარის სავალუტო რეზერვები. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და საქართველოს ეროვნულ ბანკს გადავუხადო მადლობა გაწეული საქმიანობისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ძალიან აქტიურად მუშაობდა ფინანსთა სამინისტრო ობლიგაციების გამოშვების მიმართულებით.

„28 იანვარს ფინანსთა სამინისტრომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების ევროობლიგაციები განათავსა. მოთხოვნა 5,5-ჯერ აღემატებოდა გამოსაშვებ მოცულობას, რაც მეტყველებს ბუნებრივია, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური პერსპექტივის მიმართ ინვესტორების ნდობაზე. კუპონის განაკვეთმა შეადგინა 5,125 პროცენტი.

ასევე 21 მაისს ფინანსთა სამინისტრომ 400 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ობლიგაციები გამოუშვა. მოთხოვნა ამ შემთხვევაში 4,5-ჯერ აჭარბებდა გამოსაშვებ მოცულობას. კუპონის განაკვეთი იყო 9 პროცენტი. ასევე კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ინარჩუნებს მსოფლიოში პირველ ადგილს ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ფინანსთა სამინისტრო ამ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ძალიან აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, განსაკუთრებით აზიის განვითარების ბანკთან, მსოფლიო ბანკთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან.

„მთლიანობაში ფინანსთა სამინისტრომ გასწია ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო გასული ერთი წლის განმავლობაში, რისთვისაც ფინანსთა მინისტრს მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გამოგვყევით