ტექინსპექტირების საფასური შესაძლოა, გაიზარდოს. როგორც ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე გიორგი შიოლაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას აცხადებს, საკითხის შესახებ სექტორის წარმომადგენლებსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის კონსულტაციები დაიწყება.
„ხუთი წელია მიმდინარეობს ეს რეფორმა და პირველადი ინსპექტირების საფასური არ გადახედილა. უკვე დროა, რომ ამ კუთხით ცვლილება შევიდეს, რადგანაც ძალიან დიდია ჩვენი სექტორიდან პერსონალის გადინების მაჩვენებელი, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის ტექინსპექტირების ცენტრებს. კვალიფიციური კადრის ჩამოსაყალიბებლად გარკვეული პერიოდია საჭირო. ტექინსპექტირების ცენტრებსაც სჭირდებათ გარკვეული ინვესტიციების ჩადება“,-აღნიშნა გიორგი შიოლაშვილმა.
მისივე განმარტებით, გასულ წელს ტექინსპექტირების ცენტრებიდან კადრების გადინების მაჩვენებელი 50%-ზე მეტი იყო.
„იმედია, ტარიფების გადახედვის მიმართულებით ხელშესახები ნაბიჯები გადაიდგმება. ახალი საფასურის დადგენა კვლევაზე დაფუძნებით უნდა მოხდეს. საფასური მხოლოდ იმ დონით უნდა მოემატოს, რაც აუცილებელია იმ საჭიროებებისთვის რაც გვაქვს, ვგულისხმობ სახელფასო ფონდის ზრდას და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებას. რაღაც კონკრეტული თანხის დასახელება არ გვინდა. მივაწვდით ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს და იმედია, შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“,-აღნიშნა გიორგი შიოლაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში მსუბუქი ავტომობილის პირველადი ტექინსპექტირების საფასური 60 ლარია.