logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

წყალტუბოში მდებარე სანატორიუმები "რკინიგზელი" და "იმერეთი" აუქციონზე იყიდება

მასშტაბური საინვესტიციო პროექტის „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქალაქ წყალტუბოში მდებარე ყოფილი სანატორიუმები „რკინიგზელი“ და „იმერეთი“ საპრივატიზაციოდ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე გამოიტანა.

წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა N51- ში არსებული 33000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, საზოგადოებისთვის ცნობილი, როგორც ყოფილი სანატორიუმი „რკინიგზელი“, აუქციონზე 5 135 000 ლარად იყიდება. საინვესტიციო პირობების მიხედვით, ტერიტორიაზე სულ მცირე 120 ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა მოეწყოს, რისთვისაც არანაკლებ 9 273 600 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

პირობიან ელექტრონულ აუქციონზე ასევე გამოტანილია წყალტუბოში, ჩახრუხაძის ქუჩა N6-ის მიმდებარედ არსებული 41150 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, ყოფილი სანატორიუმი „იმერეთი“. სანატორიუმის საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 3 124 500 ლარს შეადგენს. საპრივატიზებო პირობების მიხედვით ტერიტორიაზე არანაკლებ 80 ნომრიანი სასტუმრო-ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს, რისთვისაც 9 373 500 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს, როგორც უნიკალური სპა კურორტის აღდგენისა და განვითარების კონცეპტუალური გეგმის ფარგლებში, საჭირო ინვესტიციების მოსაზიდად, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბიზნეს სექტორს 14 ყოფილი სანატორიუმის საპრივატიზებო პაკეტი წარუდგინა, რომელთა ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენს.

დღეის მდგომარეობით უკვე პრივატიზებულია ყოფილი სანატორიუმები „თბილისი“, „უშიშროება“, „წყალტუბო“ და „სამგურალი“. გაყიდული ობიექტების ჯამურმა ღირებულებამ 16,265,300 ლარი შეადგინა. დარჩენილი სანატორიუმების პრივატიზების პროცესი აქტიურად გრძელდება.

აუქციონები  21 ივლისს დასრულდება.

გამოგვყევით