logo
Loading data...

მსოფლიოში ბუნებრივი აირი ძვირდება, ნავთობი კი - იაფდება

მსოფლიოში ბუნებრივი აირი ძვირდება, ნავთობი კი - იაფდება

1718339280

საერთაშორისო ბაზარზე, ბუნებრივი აირის ფასები, დღევანდელი ნიშნულიდან, შესაძლოა 50-60%-ით გაიზარდოს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“  Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა სერგი ყურაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, 2024 წლის მაისში ბუნებრივი აირის ფასი თვიურად  20%-ით უკვე გაიზარდა. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ევროპული გაზის ნეტ ყიდვის პოზიციებმა, 2022 წლის თებერვლის შემდეგ, უმაღლეს ნიშნულს მიაღწია.

„ენერგოკრიზისის დროს, გათხევადებული ბუნებრივი აირის შესყიდვებით, ევროპის კონტინენტმა შეძლო რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლება. თუმცა, მეორეს მხრივ, ახლა მას გათხევადებული ბუნებრივი აირისთვის, აზიის კონტინენტთან უწევს კონკურენციის გაწევა. დარგის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ენერგოკრიზისი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება გამოცხადდეს დასრულებულად, როცა ცივი ზამთრის დროს, ევროპაც და აზიაც შეძლებენ საკმარისი მიწოდების მოძიებას. თუმცა, შესაძლოა, გლობალური მიწოდების გადანაწილება, ცივ თვეებამდე ბევრად ადრეც გახდეს საჭირო. რადგან, გარდა იმისა, რომ ბუნებრივი აირი დიდ როლს ასრულებს გათბობაში, ის ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია ცხელ თვეებში გაგრილების კუთხით. წელს კი რეკორდულად ცხელი ზაფხულია ნავარაუდევი, რაც შესაბამისად, გაზრდის მოთხოვნას ბუნებრივ აირზე. მაგალითად, ეგვიპტემ, რომელიც როგორც წესი ექსპორტიორია, გათხევადებული ბუნებრივი აირის შესყიდვა უკვე დაიწყო, რათა ცხელ თვეებში გამაგრილებელი სისტემების გამართულად ფუნქციონირება შეძლოს. ასევე მზარდია მოთხოვნა ინდოეთსა და სხვა ქვეყნებშიც“, - აღნიშნა Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა.

მან იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რის გამოც, შესაძლოა, ბუნებრივ აირზე გაზრდილი მოთხოვნა სრულად ვერ დაკმაყოფილდეს.

„ცხელი ამინდები ჩრდილოეთ ამერიკაში ქარიშხლების წარმოშობას უწყობს ხელს, რაც აშშ-ს LNG წარმოებას უქმნის საფრთხეს. დამატებით, გვალვების გამო, შესაძლოა ლათინურ ამერიკაში ჰიდრო გენერაცია შემცირდეს და საპირწონედ თერმო გენერაცია გაიზარდოს. Citigroup-ის მიხედვით, ამ ორ კომპონენტს თუ ევროპა-აზიის მნიშვნელოვანი მოთხოვნაც დაემატება, შესაძლებელია, ბუნებრივი აირის ფასები ახლანდელი ნიშნულიდან 50-60%-ით გაიზარდოს“, - განმარტა სერგი ყურაშვილმა.

მან სანავთობო ბირჟებზეც ისაუბრა და თქვა, რომ აქ ფასების კლების ტენდენცია შეინიშნება. კერძოდ, 2024 წლის მაისში ნავთობის ფასი თვიურად 7 %-ით შემცირდა. ამჟამად კი, მისი ღირებულება ბარელზე - 82 დოლარია.

„გაიაფების მიზეზი მთელ მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები აღმოჩნდა. კერძოდ, ისრაელ-ჰამასს შორის მოსალოდნელმა ზავმა, ფასები დასწია. გარდა ამისა, გასულ თვეს შედგა OPEC-ი პლუსის წევრი ქვეყნების შეხვედრა, სადაც რამდენიმე საკითხი განიხილეს. მათ შორის ის, რომ მსოფლიოში ნავთობის წარმოება გაიზრდება. კერძოდ, ოქტომბრიდან „ოპეკი პლუსის“ რიგ წევრებს შეეძლებათ თანდათანობით გაზარდონ ამჟამინდელი წარმოების ლიმიტები. მიუხედავად იმისა, რომ ეს ზრდა, ჯამური შეზღუდვების, დაახლოებით მესამედს მოიცავს, მას მაინც შეეძლება მოთხოვნა-მიწოდების დინამიკაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა და ფასების დაკორექტირება კლების მიმართულებით. თუმცა, ანალიტიკოსებს პროგნოზების გაკეთება მაინც უჭირთ, რადგან ამბობენ, რომ წელს მთელ მსოფლიოში მოგზაურობაზე მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება, შესაბამისად, ავიასაწვავის მოხმარება გაიზრდება, რამაც შესაძლოა, ნავთობის ფასები ისევ გაზარდოს“, - აღნიშნა სერგი ყურაშვილმა.

რაც შეეხება ქართულ ბაზარს, უნდა ითქვა, რომ საერთაშორისო ბირჟებზე გაიაფებულმა ნავთობმა მასზე გავლენა უკვე იქონია. ნავთობიმპორტიორ კომპანიებში ამბობენ, რომ ბოლო 1 თვეში, ყველა ტიპის საწვავზე ფასებმა დაიწია.

მარი მელიქიშვილი

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით