logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

ზრდის პარალელურად, საქართველოს ნახშირბადის ემისიები არ მცირდება - მსოფლიო ბანკი

ეკონომიკური ზრდის პარალელურად, საქართველოს ნახშირბადის ემისიები არ მცირდება. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის ინფრასტრუქტურის რეგიონული დირექტორი ჩარლზ ჯეი კორმიერი საუბრობს. მისი თქმით, საქართველომ უნდა დააჩქაროს მწვანე ტრანსფორმაცია.

„საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში. ეს დიდი წარმატებაა, მაგრამ ამის ბნელი მხარე არის ის, რომ ემისიები ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთი უმაღლესია მსოფლიოში. ამ მაჩვენებელს კი ერთდონიანი ხაზი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზრდის პარალელურად, არ გაქვთ შესაძლებლობა დააჩქაროთ მწვანე ტრანსფორმაცია. მე ვფიქრობ, ახლა ამისთვის უდიდესი შესაძლებლობებია, ჩვენ აქ ვართ, რათა დავეხმაროთ საქართველოს წინ წავიდეს, და ამავდროულად, განახორციელოს პროგრამები მწვანე ტრანსფორმაციის მიზნის მისაღწევად“ - აცხადებს ჩარლზ ჯეი კორმიერი.

მისივე თქმით, საწვავზე მომუშავე მანქანებს ძალიან დიდი გავლენა აქვს კლიმატზე. ამიტომ, აუცილებელია ქვეყნებმა შეამცირონ საკუთარი ემისიები გლობალურად.

„ბოლო რამდენიმე წელში ჩვენ ვნახეთ, რომ ინტენსიური ხასიათი მიიღო გვალვამ, ტყის ხანძრებმა, ბუნებრივმა კატასტროფებმა, რომელიც კლიმატის ცვლილებასთანაა დაკავშირებული. ჩვენ არსებითად, მხოლოდ ორი ათწლეულია, რაც დავიწყეთ ემისიების შემცირებაზე მუშაობა და მიზნად დავისახეთ რომ 2050 წლისთვის ნულამდე დავიყვანოთ ეს მაჩვენებელი, თუ ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ უსაფრთხო გარემო და პლანეტა. ამ კონტექსტში, მსოფლიო ბანკი, რა თქმა უნდა, დაინტერესებულია დაეხმაროს ქვეყნებს თავიანთი მიზნების შესრულებაში და ნულოვანი ემისიის მიღწევაში. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვაქვს უდიდესი როლი რომ დავნერგოთ მწვანე, მდგრადი და ინკლუზიური ინფრასტრუქტურა“ - ამბობს მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი.

მისივე თქმით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და სატრანსპორტო სისტემები ყველაზე სწრაფად მზარდი მეთანის სექტორებია. სწორედ ამიტომ, მსოფლიო ბანკს სურს ამ ემისიების შემცირებაში დიდი როლი შეასრულოს.

„ბუნებრივ კატასტროფებს ხშირად გავლენა აქვს ინფრასტრუქტურაზე, ამიტომ ინფრასტრუქტურა მოწყობილი უნდა იყოს მომავალში არასტაბილური კლიმატის გათვალისწინებით.

ამ ინფრასტრუქტურის ინკლუზიურობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ არ გვინდა ადამიანები ამ პროცესების მიღმა დავტოვოთ. ამ სისტემებში იხარჯება უზარმაზარი ინვესტიციები, და ჩნდება კითხვა - როგორ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ადამიანებმა შეძლონ და ამ ხარჯებს შეწვდნენ? მაგალითად, საქართველოში მოსახლეობის 30% არის იმ ვითარებაში, რასაც ჩვენ ენერგეტიკულ სიღარიბეს ვუწოდებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ხარჯავენ თავიანთი ყოველთვიური შემოსავლის 10%-ზე მეტს ენერგიაზე. ამიტომ, საჭიროა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მათ მხარდასაჭერად, რათა შეძლონ მწვანე ტრანსფორმაციის პროცესში საკუთარი ხარჯების დაფარვა. ასე რომ, მსოფლიო ბანკი საკმაოდ დაინტერესებულია დაეხმაროს ქვეყნებს ამის გაკეთებაში“ - ამბობს მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის ინფრასტრუქტურის რეგიონული დირექტორი ბიზნესპარტნიორთან.

გამოგვყევით