საზოგადოებასთან კომუნიკაციის როგორც დამატებითი ინსტრუმენტის და ფინანსური სტაბილურობის კუთხით მიღებული გადაწყვეტილებების ანალიტიკური შეფასების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური სტაბილურობის ბიულეტენის გამოქვეყნებას იწყებს.
პერიოდული გამოცემა მიზნად ისახავს ფინანსური სტაბილურობის ანალიზის ფართო აუდიტორიისთვის გაზიარებას, რომელიც ხელს უწყობს გამჭვირვალობის ამაღლებასა და ინფორმირებული საჯარო დისკუსიის წახალისებას ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებულ თემებზე.
ფინანსური სტაბილურობის ბიულეტენი ემსახურება რისკების შეფასებას სხვადასხვა სექტორში, მათ შორის, უძრავი ქონების ბაზარზე, არაფინანსურ კომპანიებსა და შინამეურნეობებში, ასევე, საგარეო სექტორსა და საბანკო სისტემაში. გარდა ამისა, ბიულეტენი მოიცავს სხვა აქტუალურ თემებსაც, რომლებიც გავლენას ახდენენ ქვეყნის ფინანსურ მდგრადობაზე. გამოცემაში წარმოდგენილია მაკროპრუდენციული პოლიტიკის ეფექტიანობის მიმოხილვა, სცენარების ანალიზი და სხვა საკითხები.
ფინანსური სტაბილურობის ბიულეტენის განახლების სიხშირე თემატიკის აქტუალურობისა და საჭიროების მიხედვით განისაზღვრება. ბიულეტენის პირველ გამოშვებაში განხილულია შემდეგი საკითხები:
- უძრავი ქონების ფასების დინამიკის ანალიზი;
- ბათუმის კომერციული უძრავი ქონების ფასების ინდექსი;
- საქართველოს არაფინანსური კომპანიების გადახდისუნარიანობის სიღრმისეული ანალიზი Altman Z-score-ის გამოყენებით.