ძველ ბათუმში მდებარე, სასტუმრო "აკორდი" ამჟამად 100%-იანი დატვირთულობით მუშაობს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი და მფლობელი, მარიამ კედელაძე "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, ვიზიტორები ძირითადად თურქეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ლიეტუვიდან, ლატვიიდან, ყაზახეთიდან არიან.
"ჩვენი სასტუმრო ძველ ბათუმში, ზღვის პირას, ისტორიულ შენობაში მდებარეობს. ე.წ. ბუტიკური სასტუმრო ვართ, სულ 8 ნომერს მოვიცავთ. გვაქვს დიდი ვერანდა, რომელიც მთლიანად ყველა ოთახზე გადის, ბარი - პოტენციურ სტუმრებს ვთავაზობთ საუზმეს, ზღვის ულამაზესი ხედით.
სრული დატვირთვით ვმუშაობთ, რასაც ჩვენს მარკეტინგულ აქტიურობას ვუკავშირებთ. ვცდილობთ, წარმოდგენილი ნებისმიერ პლატფორმაზე ვიყოთ. ჩვენი ძირითადი ვიზიტორები ნამდვილი მოგზაურები არიან და რა თქმა უნდა, ადგილობრივი მოსახლეობის კომფორტულ დასვენებაზეც ვზრუნავთ. ამ ყველაფრის პარალელურად, ევროპის ქვეყნის ტურისტებზე ვართ კონცენტრირებული, გვინდა, ნებისმიერ სტუმარს დასამახსოვრებელი ატმოსფერო შევუქმნათ", - აღნიშნავს სასტუმრო "აკორდის" მფლობელი.
ამასთან, მარიამ კედელაძე სასტუმროში წინასწარი ჯავშნების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ზაფხულის თვეებში ადგილების 35% უკვე დაკავებულია.
"ლოკაცია საუკეთესო გვაქვს, უმეტესწილად 2 დღით რჩებიან სტუმრები და მუდმივ რეჟიმში, სხვადასხვა, ქვეყნის წარმომადგენლებს ვიღებთ. ვიზიტორების 80% უცხოელია, დანარჩენი ნაწილი კი, 20% ქართველებზე მოდის. გახსნის პერიოდში პრომო ფასი გვქონდა და ერთი ღამის ღირებულება 120-დან 150 ლარამდე მერყეობდა... როგორც იცით, ჩვენი სეზონი მოდის, შესაბამისად, ივნისიდან ფასებიც გაზრდილია და ერთი ღამის ღირებულება 200 ლარიდან იწყება. წინასწარ ჯავშნებს რაც შეეხება, გვაქვს - ზაფხულის თვეებში დიდწილად უცხოელ ტურისტებს ველოდებით. დინამიკა ძალიან კარგია, დატვირთულ სეზონი გვექნება", - აღნიშნავს მარიამ კედელაძე.
ცნობისთვის, ძველ ბათუმში მდებარე, სასტუმრო "აკორდი" ახალი გახსნილია და ადგილობრივ ბაზარზე ამ წლის 25 აპრილიდან ფუნქციონირებს.