ისეთი მცირე ზომის ეკონომიკისთვის, როგორიც არის საქართველო, ეროვნული ვალუტის დომინანტური როლის გაზრდა და განმტკიცება საფინანსო სექტორში ძალიან მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ საგარეო შოკების მიმართ მოწყვლადობა შევამციროთ - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ეროვნულ ბანკში, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ლარში დენომინირებული დეპოზიტები უფრო მეტად იზრდება, ვიდრე უცხოურ ვალუტაში.
"გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება, თუმცა უნდა აღინიშნოს ის პროგრესი, რასაც მივაღწიეთ დედოლარიზაციის მიმართულებით, როგორც სავალუტო სესხების კუთხით ასევე, დეპოზიტების კუთხით. ჩვენ ლარში დენომინირებული დეპოზიტები საკმაოდ სწრაფად გვეზრდება. სულ დეპოზიტების პორტფელი გაიზარდა 13.5%-ით. აქედან უპირატესად, გაიზარდა ლარის დეპოზიტები, რაც რა თქმა უნდა, მიუთითებს საკმაოდ ეფექტურ ღონისძიებებზე, რასაც ჩვენ ვატარებთ. ეს არის ლარის დომინანტური როლის განმტკიცება, რაც აისახება სხვადასხვა გადაწყვეტილებაში და სხვადასხვა ინსტრუმენტში, სადაც ჩვენ განსხვავებული მიდგომა გვაქვს დოლარის მიმართ და ლარის მიმართ", - აცხადებს თურნავა.
დღესვე ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო