მთავრობა ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების (VASP) ანუ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციების რეგულირებას გეგმავს. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის ინფორმაციით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება ზედამხედველობის ფარგლებში მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია კრიპტოვალუტის მომსახურების მიმწოდებელი ბიზნესისაგან ადგილზე, ან დისტანციურად.
პაატა კვიჟინაძის ცნობით, ეროვნულმა ბანკმა ასევე, 2026 წლის პირველ სექტემბრამდე ზედამხედველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა უნდა უზრუნველყოს.
"ამასთან, ეროვნულ ბანი უფლებამოსილი იქნება - დაადგინოს მათთვის საზედამხედველო წესები და მოთხოვნები, მათ შორის, მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა და მისი გაანგარიშება, დაადგინოს კაპიტალის აქტივებისა და რისკების მართვის სტანდარტები, განსაზღვროს რისკების ჩარჩო და შემოიღოს სხვა დამატებითი მოთხოვნები. ასევე, ეროვნულ ბანკს ენიჭება უფლებამოსილება მათთვის დაადგინოს მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული წესები", - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ცნობისთვის, პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 85 ხმით მხარი დაუჭირა "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებას, რომელიც ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილების საკითხს ეხება.
კანონპროექტით, ეროვნულ ბანკს ენიჭება უფლებამოსილება ნორმატიული აქტით განსაზღვროს მომსახურების სახეები, რომელიც ასევე ჩაითვლება ვირტუალური აქტივის მომსახურებად.
წარდგენილი ცვლილებით, კანონიდან ამოღებული იქნება ნორმა, რომელიც ითვალისწინებს ეროვნული ბანკის საბჭოს უფლებამოსილებას საფინანსო სისტემის სტაბილურობისა და გამჭვირვალობის, ასევე ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით, მიიღოს გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდში არსებული თანხების განაწილების შესახებ.
ამასთან, კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილე რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერიც უფლებამოსილი იქნება ეროვნულ ბანკში ანგარიში გახსნას.
თუკი აქამდე VASP-ების რეგულირება მათი რეესტრის წარმოებით და ლიცენზიების გაცემით შემოიფარგლებოდა, ახლა სებ-ს VASP-ების საქმიანობის უფრო ყოვლისმომცველი რეგულირება შეეძლება, რაც კლიენტთა მომსახურების საკითხებსაც დაარეგულირებს.