მიკროსაფინანსო კომპანიების მიერ გაცემული სესხები, შესაძლოა, რეფინანსირების განაკვეთზე იყოს მიბმული. სექტორი ამისთვის ემზადება.
როგორც MBC-ის გენერალური დირექტორი „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტავს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები (მისოები) უკვე მზად არიან იმისთვის, რომ ცვლადგანაკვეთიანი კონტრაქტები დანერგონ.
„საქმე იმაშია, რომ ის კონტრაქტები, რომლებიც აქვთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მსესხებლებს, არ არის მიბმული რეფინანსირების განაკვეთზე და შესაბამისად, 4-5 წლის წინ დადებული კონტრაქტები იმავე განაკვეთებში მოქმედებს დღეს, რაც იყო იმ პერიოდში და არ განიცდის ცვალებადობას. ხოლო მომხმარებლები, რომლებიც საბანკო სესხებით სარგებლობენ, განსაკუთრებით იპოთეკური სესხებით, მათ ცვალებად განაკვეთიანი კონტრაქტები აქვთ და რეფინანსირების განაკვეთის კლებისას ავტომატურად იაფდებიან.
მე ვფიქრობ, რომ მიკროსაფინანსო სექტორშიც უკვე არის დრო ეს ცვალებად განაკვეთიანი კონტრაქტები დაინერგოს. ეს გარკვეულ ტექნიკურ სირთულეებთან არის დაკავშირებული. პროგრამული უზრუნველყოფის ქონაა საჭირო, რაც გარკვეულ ინვესტიციებს მოითხოვს. სექტორი ამისთვის მზად არის. ეს კანონით ნებადართულია და მომხმარებლისთვის საკეთილდღეოდ გადადგმული ნაბიჯია, განსაკუთრებით მაშინ როცა რეფინანსირების განაკვეთი მცირდება. ეს ნიშნავს, რომ როგორც კი გამოაცხადებს ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთის კლებას, ეს ჩვენს ცვლად განაკვეთზე მიბმულ სესხებზეც აისახება. ეს პრაქტიკა არ არის დანერგილი მიკროსაფინანსო სექტორში და MBC იქნება ერთერთი პიონერი".- აღნიშნა გია პეტრიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივად გამოდის. ამჟამად რეფინანსირების განაკვეთი 8%-იან ნიშნულზეა.