საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი სამი ანგარიში განიხილა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი კეკელიშვილმა სახელმწიფო საწარმოთა მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში წარადგინა.
მისი განცხადებით, აუდიტის პერიოდი მოიცავს 2023-2025 წლებს, ხოლო აუდიტის ობიექტები არიან: ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი და სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
როგორც გიორგი კეკელიშვილმა აღნიშნა, აუდიტის შედეგად გამოვლენილი მიგნებები შეეხება: სახელმწიფო საწარმოთა რეფორმას, სამედიცინო პროფილის სახელმწიფო საწარმოების მართვას და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს/სამინისტროს მართვას დაქვემდებარებულ საწარმოებს.
ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილ მიგნებებზე 12 რეკომენდაცია გაიცა.
გიორგი კეკელიშვილმა ასევე წარადგინა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების შრომის ანაზღაურებისა და საწვავის ხარჯების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში.
მისი განაცხადებით, აუდიტის ობიექტებს წარმოადგენენ: სს „საქართველოს რკინიგზა“, შპს „საქართველოს ფოსტა“, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“, შპს „საქაერონავიგაცია“ და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“. აუდიტის პერიოდი 2023-2024 წლებს მოიცავს.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, აუდიტის შედეგად გამოვლენილი მიგნებები საწვავისა და შრომის ანაზღაურების ხარჯებს შეეხება, რომლის საფუძველზეც აუდიტის სამსახურმა 5 რეკომენდაცია გასცა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წამყვანმა აუდიტორმა, ანა ბურდიაშვილმა სხდომაზე „შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ შესაბამისობის აუდიტის ანგარიში წარადგინა.
მისი განცხადებით, აუდიტის ობიექტებს წარმოადგენენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“, ხოლო აუდიტის პერიოდი 2023-2024 წლებს მოიცავს.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, აუდიტის შედეგად გამოვლენილი მიგნებები შეეხება: დაბალ ფინანსურ მაჩვენებლებს, შვილობილი კომპანიების მართვის ნაკლოვანებებს, დირექტორის მრჩევლების დასაქმების პრაქტიკაში არსებულ ხარვეზებსა და სახელმწიფო შესყიდვებს. მისი თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილ მიგნებებზე 9 რეკომენდაცია გაიცა.
მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე, აუდიტის ობიექტების წარმომადგენლებმა გაცემულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები წარადგინეს და რეკომენდაციების შესრულების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს.