logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"ქონების გადასახადის რეფორმაზე მუშაობა მიმდინარეობს, ₾40 000-იანი ზღვარი რაიმე სახის განმსაზღვრელი აღარ იქნება" - თეონა ციმაკურიძე

"ქონების გადასახადის რეფორმაზე მუშაობა მიმდინარეობს, სადაც 40 000 ლარიანი ზღვარი რაიმე სახის განმსაზღვრელი აღარ იქნება", -  ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის გადამხდელთა განათლებისა და სერვისების მეთოდოლოგიის სამმართველოს უფროსმა თეონა ციმაკურიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად, თუ ფიზიკური პირის და მისი ოჯახის წინა წლის შემოსავლები აღემატება 40 000 ლარს, მას ქონების დეკლარაციის წარდგენა და შესაბამისად, ქონების გადასახადის გადახდა უწევს.

"ქონების გადასახადის გადახდის მიზნებისთვის არ აქვს მნიშვნელობა ფიზიკური პირი რეზიდენტია, თუ არარეზიდენტი. ორივე შემთხვევაში თუ ფიზიკური პირი საქართველოში ფლობს დასაბეგრავ ქონებას, მაშინ ქონების გადასახადს იხდის. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საგადასახადო კანონმდებლობა შეღავათებს ითვალისწინებს. როდესაც ფიზიკური პირის და მისი ოჯახის წინა წლის შემოსავლები აღემატება 40 000 ლარს, მას ქონების დეკლარაციის წარდგენა და შესაბამისად, ქონების გადასახადის გადახდა უწევს, ხოლო როდესაც არ აღემატება 40 000 ლარს, მაშინ ექცევა შეღავათში. 

როდესაც საქართველოს მოქალაქე არის რეზიდენტი, ან როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ფლობს ქონებას შემოსავლებში ყველა სახის შემოსავლის გათვალისწინება ხდება, რომელსაც იღებს არა მხოლოდ საქართველოში არსებული წყაროდან, არამედ უცხოეთში არსებული წყაროდან. იმ შემთხვევაში თუ ასეთი პირი არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ არარეზიდენტი, მაშინ შემოსავლებში მხოლოდ საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებული შემოსავლის გათვალისწინება ხდება. 

როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს ტერიტორიაზე დასაბეგრავ ქონებას ფლობს მან აუცილებლად უნდა მოახდინოს ქონების დეკლარაციის წარდგენა და გადასახადის გადახდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაიბეგრება ქონების გადასახადის უმაღლესი განაკვეთით", - აცხადებს თეონა ციმაკურიძე.

ცნობისთვის, "ბიზნესპარტნიორი" და შემოსავლების სამსახური Revenue Service-ის ყოველკვირეული სატელევიზიო რუბრიკა - „ურთიერთობა მარტივია“ დღევანდელი ეთერი საზოგადოების მიერ გამოგზავნილ შეკითხვებს დაეთმო.

გამოგვყევით