ქვეყანაში საშუალო და მედიანურ ხელფასს შორის ორნიშნა სხვაობაა. მედიანური ხელფასი საშუალოს ყველა დარგში ჩამორჩება.
საქსტატის ინფორმაციით, გასული წლის მონაცემებით, საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანურმა ხელფასმა 1 238 ლარი შეადგინა, რაც საშუალო თვიურ ხელფასზე თითქმის 30 პროცენტით ნაკლებია. სხვაობა შეიმჩნეოდა წინა წლებშიც, თუმცა ორივე შემთხვევაში, საქმიანობების სახეების მიხედვით, ყველაზე მაღალი ანაზღაურება ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგში ფიქსირდება. 2023 წლის მონაცემებით, ამ სექტორში მედიანური ხელფასი თითქმის 2000 ლარამდე იყო, საშუალო ხელფასი კი 4000 ლარამდე. ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ანაზღაურებად სექტორად კი განათლების სფერო სახელდება, სადაც მედიანური ხელფასი 835 ლარს გაუტოლდა.
როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი განმარტავს, მედიანური ხელფასი ასახავს იმ ხელფასს, რომელსაც საშუალოდ ყველაზე მეტი ადამიანი იღებს, განსხვავებით საშუალო ხელფასისგან, რაც ყველას მიერ აღებული ხელფასების საშუალო არითმეტიკულს წარმოადგენს.
„ჩვენ ვაწარმოებთ სტატისტიკას დაქირავებით დასაქმებულების რა წილი იღებს, რა რაოდენობის ხელფასს და ჩვენ ვიცით, რომ ამ წლის მეორე კვარტალის შეჯამებული მონაცემებით, იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც 1200 ლარზე ნაკლებ ხელფასს იღებს, არის 42%. ამას დავამატოთ კიდევ თვითდასაქმებულები, რომლებიც შეადგენენ საქართველოში ყველა დასაქმებულის მესამედს, რაც ასევე თვითდასაქმებულის შემთხვევაში გულისხმობს იმას, რომ მათი შემოსავალი, როგორც წესი, არის საშუალო ხელფასზე მნიშვნელოვნად უფრო დაბალი. რომ შევაჯამოთ, საქართველოში ჯერ კიდევ დაქირავებით დასაქმებულების თითქმის ნახევარი და თვითდასაქმებულების, სავარაუდოდ, ნახევარზე მეტი გამოიმუშავებს ხელფასს, რომელიც შეადგენს 1200 ლარს და ნაკლებს“, - აღნიშნა გიორგი ხიშტოვანმა.
საქსტატის ინფორმაციით, საშუალო ხელფასები განსხვავებულია როგორც საქართველოს რეგიონების, ისე ქალ და მამაკაცს დასაქმებულებს შორის. მაგალითისთვის, 2023 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 1 425 ლარით, ხოლო კაცების - თითქმის 2 100 ლარით განისაზღვრა. საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების საშუალო ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ანაზღაურებას.
რაც შეეხება რეგიონებს, გასული წლის მონაცემებით, საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით, თბილისი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი ლიდერობს. თბილისში საშუალო ხელფასი 2107 ლარს აღემატება, მცხეთა-მთიანეთში კი - 1515 ლარს. ყველაზე დაბალი ხელფასი, 2023 წლის მდგომარეობით, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დაფიქსირდა და 882 ლარი შეადგინა.