logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

სებ-ი, DSIK-თან თანამშრომლობით, საქართველოსთვის ESG საკითხებთან დაკავშირებული რისკების რადარის განახლებულ ანგარიშს აქვეყნებს

სებ-ი, DSIK-თან თანამშრომლობით, საქართველოსთვის ESG საკითხებთან დაკავშირებული რისკების რადარის განახლებულ ანგარიშს აქვეყნებს

1726833246

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, გერმანულ ფონდ შპარკასესთან (DSIK) თანამშრომლობით, „ESG რისკების რადარი საქართველოსთვის - კლიმატთან დაკავშირებული და სხვა ESG რისკების შეფასება“ მოამზადა. ეს ანგარიში ეფუძნება და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს 2022 წლის კლიმატის რისკის რადარის მეთოდოლოგიას. ანგარიში ESG რისკების უფრო დეტალურ და გამჭვირვალე შეფასებას მოიცავს. ის ოპტიმიზირებულ და გამარტივებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით ამცირებს შეფასების სუბიექტურობას და აუმჯობესებ მის სიზუსტეს.

ანგარიშში წარმოდგენილია ESG რისკების შეფასების ბარათი (ESG Scorecard), რომელიც სპეციალურად შექმნილია საქართველოს ეკონომიკური სექტორებისთვის და აფასებს ფინანსური სექტორის მოწყვლადობას ამ სექტორების მიმართ, როგორც ცალკეულ ინსტიტუტში, ასევე ფინანსური სისტემის დონეზე. მეთოდოლოგია „top-down” მიდგომას იყენებს, რომელიც სესხის დონეზე მონაცემთა ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს ეფექტიანად უმკლავდება. ეს მიდგომა იძლევა კლიმატთან დაკავშირებული მთელი რიგი რისკების დეტალური შესწავლის საშუალებას, როგორიცაა მწვავე და ქრონიკული ფიზიკური რისკები და გარდამავლობის რისკები. გარდა ამისა, იგი ასევე ითვალისწინებს სხვა ESG რისკებს, როგორიცაა ბიომრავალფეროვნების კარგვა და ადამიანის უფლებების პოტენციური დარღვევა. ანგარიში განსაზღვრავს სექტორებს, რომლებიც ყველაზე მოწყვლადია ESG რისკების მიმართ და ამ მაღალი რისკის სექტორებზე კომერციული ბანკების დამოკიდებულებებს რისკების რუკის (Heat Map) გამოყენებით აფასებს.

ESG რისკების ქულებით შეფასების მეთოდოლოგია გამოყენებულია ყველა ძირითადი ეკონომიკური სექტორისთვის, რომლებიც კლასიფიცირებულია NACE კოდების მიხედვით. შეფასება ხუთ-ეტაპიან პროცესს წარმოადგენს და მოიცავს: სექტორული დონის ESG რისკების შეფასებებისთვის სხვადასხვა ინფორმაციის წყაროებზე დაყრდნობით თავდაპირველი სამაგიდო კვლევის ჩატარებას; ადგილობრივი ექსპერტული მოსაზრებების ინტეგრირებას; ESG რისკების მონაცემთა ბაზისა და სექტორის პროფილების შედგენას; რისკების რუკის შეფასების შემუშავებას; და ბოლოს, ფინანსური ინსტიტუტების მიერ პრაქტიკული გამოყენებისათვის მიგნებებისა და მეთოდოლოგიის გაზიარებას.

მეთოდოლოგიის აღწერა, დეტალური შედეგები და მათი შესაძლო გამოყენება წარმოდგენილია ანგარიშში, რომელიც ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

გამოგვყევით