რეზერვების შევსების თვალსაზრისით, წლევანდელი წელი მართლაც განსაკუთრებული იქნება და ძალიან დიდი ალბათობით შემიძლია ვთქვა, რომ წელს პირველად საქართველოს ისტორიაში საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობა 6 მლრდ დოლარს გადააჭარბებს, - ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, როგორი ტურბულენტობაც არ უნდა არსებობდეს სავალუტო ბაზარზე სტაბილურობა ნარჩუნდება და ლარის მიმართ ნდობა იზრდება, რაც მაღალი დოლარიზაციის მაჩვენებლითაც აისახება.
"წლის დასაწყისიდან, 2,3 მლრდ-ზე მეტი გვაქვს შეძენილი, რაც რეკორდულია. ის გადაწყვეტილება, რომ შარშან ჩვენ გავყიდეთ რეზერვები და მივაწოდეთ ბაზარს, დღეის გადმოსახედიდან იყო აბსოლუტურად გამართლებული. შარშან მიუხედავად პოლიტიკური ტურბულენტობისა, გლობალური ფაქტორებისა და სხვადასხვა სპეკულაციებისა ეკონომიკა იყო ჯანსაღი, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი არ იზრდებოდა და ყველაფერი იყო წესრიგში. აქედან გამომდინარე, არანაირი ობიექტური მიზეზი იმისა, რომ ლარი გაუფასურებულიყო მხოლოდ პოლიტიკური შეძახილების გამო, არ არსებობდა. ამიტომ, ვიყავით დარწმუნებულები, რომ უნდა შევუწყოთ ბაზარს ხელი, რომ დასტაბილურდეს და ლარის მყისიერი გაუფასურება არ მოხდეს, რითაც გავანეიტრალეთ ნეგატიური მოლოდინები ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით.
ლარის მიმართ მაღალი ინტერესია. უცხოელი ინვესტორებიც ინტერესდებიან იგივე ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ლარში გამოხატული ფინანსური ინსტრუმენტებით, რაც ძალიან დიდი მიღწევაა სწორი ეკონომიკური პოლიტიკის ფონზე", - აცხადებს ნათია თურნავა.