logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"რეგულაციის მიღებაში ყველა მხარე ჩართული უნდა იყოს, რათა ბიზნესების ოპერირება არ შეფერხდეს" - ლაშა რიჟამაძე პრემიერის განცხადებაზე

ეს იმდენად კომპლექსური საკითხია, რომ ყველა მხარე ჩართული უნდა იყოს, რადგან ისეთი ტიპის რეგულაცია არ მივიღოთ, რაც  ამათუ იმ ბიზნესსუბიექტის ოპერირებას შეაფერხებს, - ამის შესახებ დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ლაშა რიჟამაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ.

მისივე შეფასებით, ფასებზე ზეწოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს საბანკო სექტორთან დაკავშირებული ხარჯებიც წარმოადგენს და ყურადღება აღნიშნულ საკითხსაც უნდა დაეთმოს.  

"წლების განმავლობაში ასოციაციას არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება თუ რა პრობლემების წინაშე იდგნენ ადგილობრივი მწარმოებლები და სადისტრიბუციო კომპანიები და რამდენად ნეგატიურ გავლენას ახდენდა ეს საკითხები ფასთან მიმართებაში. 

ჯერ კიდევ გასული წლების წინ დაიწყო მთავრობამ მუშაობა რეგულაციებზე, მაგრამ ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო ეს პროცესი შეჩერდა. გარდა იმ პრობლემებისა, რომელიც განცხადებაშია აქცენტირებული, რა თქმა უნდა, არსებობს სხვა გარემოებები, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს ფასზე. მათ შორის, საბანკო პროდუქტი, რომელიც მნიშვნელოვნად ძვირია და განსხვავდება ევროპის ნებისმიერი ქვეყნის საბანკო პროდუქტთან. გარდა ამისა, ნებისმიერ შემთხვევაში ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ლართან მიმართებით არსებული განწყობა, რომელიც ბიზნესისთვის არ აღიქმება როგორც სტაბილური და ესეც გადაზღვეული აქვთ. ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც შესაძლოა დამატებით ხარჯს წარმოშობდეს გარდა იმ პრობლემებისა, რაზედაც განცხადებაშია ნათქვამი, ეს ნეგატიურ გავლენას ახდენს საბოლოო ფასზე. თუ ძვირდება საბანკო პროდუქტი - ეს ისახება პროდუქტის ფასზე. 

წლების წინ, შესაბამის სტრუქტურებს წარვუდგინეთ საერთაშორისო პრაქტიკა. ყველა განვითარებულ სახელმწიფოში ეს ურთიერთობა რეგულირებულია. ჩვენ ვითხოვდით აპრობირებული პრაქტიკის დანერგვას ქართულ რეალობაში ისე, რომ არ დაზარალებულიყო არც რითეილ სექტორი და ამავდროულად, ხელი შეეწყობოდა ბიზნესს. რეგულაციის მიღებაში ყველა მხარე ჩართული უნდა იყოს, რათა რომელიმე მხარე არ დაზარალდეს. იმედი მაქვს ყველა მხარის ინტერესი გათვალისწინებული იქნება, მათ შორის, მომხმარებლის", - აცხადებს ლაშა რიჟამაძე.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, რომ მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ.

მისივე თქმით, წინასწარი ანალიზის საფუძველზე, შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასნამატს და შესაბამისად, მაღალ ფასებს განაპირობებს. მათ შორის, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ.

გამოგვყევით