„მედალფა“ სამედიცინო ბაზარზე არსებულ ძირითად რისკებს ასახელებს. როგორც კლინიკის 2022 წლის ფინანსურ ანგარიშგებაშია აღნიშნული, ძირითადი რისკები და გაურკვევლობები შემდეგია:
კონკურენტი ორგანიზაციების მიერ კვალიფიციური პერსონალის გადაბირება; საყოველთაო ჯანდაცვის მიერ თანხების დაგვიანებით ანაზღაურება; ფიქსირებული ფასები და სახელმწიფოს მიერ დადგენილი დაბალი ტარიფები.
რისკებს შორის ასევე დასახელებულია ეროვნული ვალუტის კურსის არამდგრადი მდგომარეობა, საყოველთაო ჯანდაცვის მხრიდან სახელშეკრულებო პირობების ცალმხრივი ცვლილებები და მოსახლეობის გადახდის უნარიანობის დაბალი დონე.
დოკუმენტის თანახმად, ჯგუფის ოპერირებას თან ახლავს მაღალი დონის სამედიცინო პერსონალის დენადობის რისკი და მათი სწრაფად ჩანაცვლების შესაძლებლობა, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მომხმარებლის რაოდენობაზე.
რეგიონებში კი ძირითადი პრობლემაა ადგილობრივი, მაღალკვალიფიციური კადრების ნაკლებობა. ჯგუფი ქვეყნის მასშტაბით 5 რაიონში აწვდის მოსახლეობას ამბულატორიულ და სტაციონარულ სერვისებს. თითოეული დაწესებულება პოლიპროფილურია. კომპანიის 100% წილის მფლობელი შპს ავერსი-ფარმაა.