კიბოს სკრინინგის საკითხებზე მოსახლეობის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ეროვნული კამპანიის ფარგლებში "ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდში" ყოფილი ონკოპაციენტებისა და თანამედროვე მწერლების შეხვედრა გაიმართა.
"ევროპა დონა ჯორჯიას", "ჰოუფის" და "ბერი ანდრიას ფონდის" წევრებმა პოეტებსა და პროზაიკოსებს კიბოზე გამარჯვების პირადი, უნიკალური გამოცდილება გაუზიარეს.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა თანამედროვე ქართველი ლიტერატორებისთვის ონკოლოგიური პაციენტების განცდების, ემოციებისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაცნობა, რომელსაც ისინი დიაგნოზის დასმიდან გამოჯანმრთელებისაკენ მიმავალ რთულ და გრძელ გზაზე განიცდიან.
ღონისძიებაზე გაიმართა ასევე "ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდის" შესახებ მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება.
დამსწრე საზოგადოებას სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე ექიმი და მწერალი თამარ გოდერიძე ესაუბრა.
შეხვედრის დასასრულს მწერლებმა ონკოპაციენტთა სათემო ორგანიზაციის წევრებს საკუთარი წიგნები უსახსოვრეს და სურვილი გამოთქვეს, რომ შემოქმედებაში ასახონ ის სიძნელეებით სავსე, სულშიჩამწვდომი ისტორიები, რომელიც სიმსივნეზე გამარჯვებული ქალების სიცოცხლის დაუოკებელი წყურვილისა და მებრძოლი ხასიათის შემწეობით, ბედნიერად დასრულდა.
მანამდე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, კიბოს სკრინინგის საკითხებზე მოსახლეობის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ეროვნული კამპანიის ეგიდით ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო შეხვედრები და სკრინინგის უფასო აქციები გაიმართა.
კამპანიის მიზანია, გაიზარდოს მიმართვიანობა სკრინინგ-ცენტრებისადმი და ამაღლდეს მოსახლეობის ცნობიერება სიმსივნური დაავადებების დროული დიაგნოსტირების მნიშვნელობის შესახებ, რათა თავიდან იქნას აცილებული დაავადების გვიან სტადიაზე გამოვლენა, რაც პაციენტების მკურნალობის პროცესს უფრო ართულებს, სახელმწიფოს კი დაავადების რთული ფორმებით მკურნალობაში დიდი თანხების გადახდა უწევს.
სკრინინგის პროგრამები, რომლებიც მაღალტექნოლოგიური აპარატურით კეთდება, პაციენტების კონკრეტული ასაკობრივი კატეგორიებისთვის უფასოა.