55 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ადამიანი მთვარეზე პირველად დაეშვა და "ადამიანის პატარა ნაბიჯი კაცობრიობის გიგანტურ ნახტომად იქცა“.
1969 წლის 20 ივლისს „აპოლო 11"-ის მისიის მეთაური ნილ არმსტრონგი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც მთვარეზე ფეხი დადგა. მტვრიან ზედაპირზე დაბიჯებისას არმსტრონგმა წარმოთქვა შემდეგი სიტყვები:
„ეს არის ერთი პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, ხოლო გიგანტური ნახტომი - კაცობრიობისთვის." დღესდღეობით, ეს სიტყვები ინგლისურ ენაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ციტატაა.
"აპოლო 11"-ის ეკიპაჟის შემადგენლობა ასეთი იყო: ნილ არმსტრონგი (მეთაური), ედვინ "ბაზ" ოლდრინი (მთავარი კაბინის პილოტი) და მაიკლ კოლინზი (საკომანდო მოდულის პილოტი). 20 ივლისს, არმსტრონგი და ოლდრინი გახდნენ პირველი ადამიანები, რომლებმაც ფეხი დაადგეს სხვა ციურ სხეულზე - მთვარეზე.
მისიის მიზანი იყო პრეზიდენტ ჯონ კენედის მიერ 1961 წლის 25 მაისს დასახული ეროვნული გეგმის შესრულება: ეკიპაჟის მთვარეზე დაშვება და დედამიწაზე დაბრუნება.
ამავდროულად, ფრენის დამატებითი მიზნები მოიცავდა მეცნიერული კვლევისთვის საჭირო მოქმედებებს: ეკიპაჟის მიერ სატელევიზიო კამერების განლაგებას დედამიწაზე სიგნალების გადასაცემად; მზისა და ქარის ელემენტების ექსპერიმენტის, ასევე, სეისმური ექსპერიმენტის ჩატარებას და ლაზერული რეტრორეფლექტორის განთავსებას. კვლევის დროს ორ ასტრონავტს უნდა შეეგროვებინა მთვარის ზედაპირის მასალის ნიმუშები დედამიწაზე დასაბრუნებლად. მათ ასევე, უნდა გადაეღოთ მთვარის რელიეფი.
იმისათვის, რომ ასტრონავტების მიერ მთვარის შესწავლის პირველი ნაბიჯებისთვის ეყურებინათ, 1969 წლის 21 ივლისს, დილის 2:52 საათზე მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის მეხუთედმა მუშაობა ან ძილი შეწყვიტა.
ცივი ომის პერიოდში, „აპოლო 11-ის“ ასტრონავტების ეიფორიულმა მთვარეზე გასეირნებამ ამერიკელებს საბჭოთა კავშირთან „კოსმოსურ რბოლაში“ გამარჯვება მოუტანა.
ნილ არმსტრონგი 2012 წელს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ, მისმა ოჯახმა გამოაქვეყნა განცხადება: "შემდეგ ჯერზე, როდესაც მთვარით განათებულ ღამეში გარეთ გახვალთ და დაინახავთ, რომ მთვარე გიღიმით, იფიქრეთ ნილ არმსტრონგზე და თვალი ჩაუკრათ მას."
1969 წლის შემდეგ, დღემდე მთვარეზე მხოლოდ ოთხი ქვეყნის კოსმოსური ხომალდი დაეშვა - ყოფილი საბჭოთა კავშირი, ჩინეთი, ინდოეთი და იაპონია. თუმცა, შეერთებული შტატები ერთადერთია, რომელმაც მთვარის ზედაპირის შესასწავლად ადამიანები გაგზავნა.