შინაური ცხოველების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) ვეტერინარები ვეტერინარულ კლინიკებს, აფთიაქებსა და ზოომაღაზიებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ.
სეს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წელს სააგენტოს ინსპექტორებმა 700-მდე ვეტერინარულ კლინიკაში, მათ შორის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული პრეპარატების გამომყენებელ კლინიკაში, ზოომაღაზიასა და ვეტაფთიაქში 1000-ზე მეტი სახელმწიფო კონტროლი ჩაატარეს. გამოვლინდა 28 სამართალდარღვევა.
"ვეტერინარული კლინიკების, აფთიაქებისა და ზოომაღაზიების კონტროლი მიმდინარე წელსაც აქტიურად გაგრძელდება.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 1501. რეაგირების გარეშე არცერთი შეტყობინება არ დარჩება.
ერთად დავიცვათ ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ჯანმრთელობა და სიცოცხლე",-ნათქვამია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.