Ford-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯიმ ფარლის განცხადებით, ავტომწარმოებლისა და მთლიანად ინდუსტრიისთვის აშშ-მექსიკა-კანადის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (USMCA) კრიტიკულად მნიშვნელოვანია. აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეთანხმებას „არარელევანტური“ უწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აქვეყნებს.
„ჩვენ კანადას, მექსიკასა და აშშ-ს ერთიან, ინტეგრირებულ საწარმოო სისტემად აღვიქვამთ და სწორედ ამ ლოგიკით ვაპირებთ მოლაპარაკებების წარმართვას. ეს ჩვენთვის კრიტიკულია, თუმცა შეთანხმებას გადახედვაც სჭირდება,“ – განაცხადა ჯიმ ფარლიმ.
აშშ-მექსიკა-კანადის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მიმდინარე წელს გადახედვის პროცესშია. განხილვა შეეხება როგორც მისი ძალაში დარჩენის საკითხს, ისე ახალი შეთანხმების შესაძლო ფორმატსაც. ტრამპმა გასულ წელს ამ ქვეყნებიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე 25%-იანი ტარიფები დააწესა, თუმცა გარკვეული შემოვლითი მექანიზმები დატოვა, რამაც რეალური საგადასახადო ტვირთი ნაწილობრივ შეამცირა.
„იქნება თუ არა ეს შეთანხმება, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს,“ – განაცხადა ტრამპმა.
Ford-ის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ, ბილ ფორდმა, ისაუბრა კომპანიის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის ცვალებად ტარიფებზე, ემისიების რეგულაციების შემსუბუქებაზე და USMCA-ს ირგვლივ არსებულ გაურკვევლობაზე.
„ამ ინდუსტრიაში მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ვიყავი. იდეალურ სამყაროში რეგულაციების მიმართ მეტი პროგნოზირებადობა გვექნებოდა, თუმცა რეალობა სხვაა,“ – აღნიშნა ბილ ფორდმა.
Ford-ის ხელმძღვანელებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს ავტომობილების ხელმისაწვდომობის საკითხზე, რომელიც ტრამპმა დეტროიტში ვიზიტისას წამოჭრა. ბილ ფორდის თქმით, კომპანიას მომხმარებლებისთვის მეტი საწყისი დონის მოდელის შეთავაზება სჭირდება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ანალიტიკოსების შეფასებით, ახალი ავტომობილის საშუალო ტრანზაქციის ფასი თითქმის 50 000 დოლარს აღწევს.
„ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ამ თემაზე შიდა დონეზე აქტიურად ვმუშაობთ და უკვე შემუშავებული გვაქვს არაერთი გეგმა,“ – განაცხადა ბილ ფორდმა და აღნიშნა, რომ კომპანია 2027 წელს 30 000 დოლარის ღირებულების ელექტრო პიკაპის გამოშვებას გეგმავს.
ჯიმ ფარლიმ ხელმისაწვდომობის საკითხი 2026 წლის ერთ-ერთ მთავარ საზრუნავად დაასახელა: „ყველანი ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ მომხმარებელთა მოთხოვნების მიმართ,“ – განაცხადა Ford-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ანი ჯალაღონია