logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 14 ნოემბრიდან დაიწყება

მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში ჩატარდება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განუცხადეს, პირველი ათი დღის განმავლობაში მონაცემები ვებ პლატფორმაზე მოსახლეობის თვითრეგისტრაციის მეთოდით შეგროვდება. მათ კი, ვინც ონლაინ არ დარეგისტრირდება, საქსტატის ინტერვიუერები მიაკითხავენ.

„ამ საკითხზე პიარ-კამპანია გაზაფხულიდან გააქტიურდება. ჩვენ ვეცდებით, რომ მაქსიმალურად ბევრი კომუნიკაციის საშუალება გამოვიყენოთ - ბილბორდები, რეკლამა, ვიდეორგოლები, ტელევიზია თუ სოციალური ქსელი, რათა მოსახლეობის ინფორმირება უზრუნველვყოთ. ამ ეტაპზე, ჩვენი ვებ გვერდის საშუალებით ვავრცელებთ გარკვეულ ინფორმაციას“ - აცხადებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე.

მისივე თქმით, მოსახლეობის აღსაწერად, მოსამზადებელი სამუშაოები გასული წლიდან დაიწყო, რაც გულისხმობდა ქვეყანაში არსებული შენობა-ნაგებობების იდენტიფიცირებას და იქ მცხოვრები მოსახლეობის სიითი შემადგენლობის განსაზღვრას.

დამამთავრებელ ეტაპზეა კითხვარის შედგენის სამუშაოები და მისი მეთოდოლოგიის განსაზღვრა. ასევე, მუშავდება პროგრამული უზრუნველყოფა, რადგანაც, მონაცემები ამჯერად ელექტრონულად, ქაღალდის ოპერაციების გარეშე უნდა შეგროვდეს.

„გაერო ქვეყნებს აძლევს რეკომენდაციას, 10 წელიწადში ერთხელ ჩაატაროს მოსახლეობის აღწერა. წინა აღწერა საქართველოში 2014 წელს ჩატარდა. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ვალდებულება, არაუგვიანეს წლის ბოლომდე ჩავატაროთ ახალი აღწერა“ - განმარტავს გოგიტა თოდრაძე „ბიზნესპარტნიორთან“.

გამოგვყევით