პროფესიული სწავლება სკოლებშიც შევიდა. სატესტო რეჟიმში, 20-მდე სკოლა შეირჩა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სადაც დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, პროფესიული განათლება პატარა ასაკშივე მიიღონ, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კოლეჯ „სპექტრის" დირექტორმა მათე ტაკიძემ განუცხადა.
მან ზოგადად პროფესიული განათლების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ყველა წარმატებული ეკონომიკის მქონე ქვეყანაში პროფესიული და აკადემიური განათლება ერთმანეთს გათანაბრებულია, საქართველოში კი ეს ბალანსი ჯერ დარღვეულია.
„თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში, პროფესიული განათლება საქართველოში გაახალგაზრდავდა და სულ უფრო მეტი ადამიანი რეგისტრირდება სხვადასხვა კოლეჯში კონკრეტული ცოდნის მისაღებად. პროფესიული განათლების კუთხით, საქართველოს მასშტაბით დაფარვა ძალიან დიდია და ნებისმიერ რეგიონში, დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს პროფესიული განათლება მიიღოს, რასაც იქ არსებული სასწავლო დაწესებულებები უზრუნველყოფენ. რაც შეეხება საშემოდგომო მიღებას, კოლეჯების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სექტემბერში გამოცხადებულმა მიღებამ წარმატებით ჩაიარა და წინა წელთან შედარებით, აპლიკანტების რიცხვი, დაახლოებით, 15-20%-ით არის გაზრდილი, თვითონ სწავლის პროცესი კი ნოემბერში დაიწყება“, - აღნიშნა მათე ტაკიძემ.
მისივე ინფორმაციით, ყველაზე მოთხოვნადი პროფესიული კუთხით - სამშენებლო სფერო და ინჟინერიაა, ასევე ტურიზმის სფერო, სამედიცინო სექტორი, სოფლის მეურნეობის და აიტის მიმართულებები.
ცნობისთვის, კოლეჯების ინფორმაციით, 2023 წელს ჯამში 30 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა პროფესიული განათლების მისაღებად და ეს მაჩვენებელი, თითქმის, 4 ათასით მეტი იყო გასული წლის მონაცემებზე.