ზამთრის მოახლოებასთან ერთად მძღოლები სეზონის ცვლილებისთვის ემზადებიან. ტემპერატურის საგრძნობი დაცემა ავტომობილებზეც აისახება. ეს გავლენას ახდენს აკუმულატორის სიმძლავრეზე, საბურავებსა და სხვა შიდა და გარე ნაწილებზე. ამიტომ, მნიშვნელოვანია, გარემო პირობებთან გასამკლავებლად შესაბამისად ვიმოქმედოთ. პრევენციის ზომების მიღება ფინანსურად გაცილებით ხელმისაწვდომია, ვიდრე ყინვისგან დაზიანებული ნაწილების შეკეთება.
მოერიდეთ ავტვომობილის ღია სივრცეში დატოვებას
ეცადეთ, ზამთრის სეზონზე ღამის განმავლობაში ავტომობილი გარეთ არ დატოვოთ. თუ ამის საშუალება გაქვთ, აუცილებლად ისარგებლეთ შიდა პარკინგით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ტემპერატურა ჩვეულებრივზე გაცილებით დაბალია. თუ ავტოფარეხის ალტერნატივა არ გაქვთ, კარგი იქნება, თუ ავტომობილის მნიშვნელოვან ნაწილებს თბოიზოლაციის საფარით შეფუთავთ. მოერიდეთ ხის ქვეშ გაჩერებას. ეცადეთ, მოფარებული ადგილი იპოვოთ, რათა ყინვამ, რაც შეიძლება, ნაკლები ზიანი გამოიწვიოს.
როგორ დავიცვათ ძრავა და აკუმულატორი
გაითვალისწინეთ, რომ ტემპერატურის კლება უარყოფითად აისახება აკუმულატორის სიმძლავრეზე. 0º-ზე მხოლოდ მისი სიმძლავრის 70% რჩება. ამიტომ, აუცილებლად შეამოწმეთ აკუმულატორი და საჭიროების შემთხვევაში, დროულად გამოცვალეთ. თუ ავტომობილს დიდი ხნით ტოვებთ გარეთ, ცივ ამინდებში მყარად შემოახვიეთ აკუმულატორს თბოიზოლაციის საფარი, რათა გაყინვისგან დაიცვათ.
ყინვისგან ძრავის დასაცავად ანტიფრიზი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ეს უკანასკნელი ძრავის სისტემაში საპოხის ფუნქციას ასრულებს და მას ტემპერატურის ცვლილებით გამოწვეული შედეგებისგან იცავს. ამიტომ, აუცილებლად მოიამარაგეთ წინასწარ და საჭიროების შემთხვევაში, დროულად გამოცვალეთ.
როგორ ვიზრუნოთ საქარე მინასა და მის საწმენდებზე
დაბალ ტემპერატურაზე საქარე მინა და მისი საწმენდები ხშირად იყინება. ცხადია, მათი გასუფთავების გარეშე გადაადგილებას ვერ შეძლებთ. ჩნდება კითხვა - როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს, როცა დილაადრიან სამსახურში ვართ წასასვლელი, მაგრამ გაყინული საქარე მინიდან ვერაფერს ვხედავთ? ზოგიერთი მსგავს სიტუაციაში ყინულის გასალღობად ცხელ წყალს იყენებს. ეს ერთ-ერთი საკმაოდ გავრცელებული შეცდომაა, რადგან ხშირად გაბზარული მინით მთავრდება. მსგავსი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად სპეციალური საწმენდი საშუალებებით უნდა ისარგებლოთ, რომლებიც ყინვაგამძლეა. ასევე, ღამის საათებში, აკუმულატორთან ერთად მინის საწმენდების შეფუთვაც შეგიძლიათ.
მოვამზადოთ საბურავები ყინვისთვის
მოყინულ გზაზე უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის აუცილებელია, სპეციალური - ზამთრის საბურავები გამოიყენოთ. ზამთრის საბურავები მოცურების მინიმალურ შანსს ტოვებს, რადგან მოყინულ ზედაპირზე უკეთესი მოჭიდება აქვთ, ასევე უკეთესი სამუხრუჭე შესაძლებლობა და დაბალი ტემპერატურის შესაბამისი ქიმიური შემადგენლობა. საბურავების სწორად არჩევაში შემდეგი კრიტერიუმები დაგეხმარებათ:
- გაითვალისწინეთ ავტომწარმოებლის რეკომენდაციები, რა ზომის საბურავები მიდის თქვენს ავტომობილზე;
- როგორია რეკომენდებული შიდა წნევა;
- გაითვალისწინეთ მაქსიმუმ რა სიჩქარის განვითარებაა რეკომენდებული;
- შეამოწმეთ მაქსიმუმი დატვირთვის მაჩვენებელი;
- ყურადღება მიაქციეთ საბურავების გამოშვების თარიღს.
ზამთრის საბურავებთან ერთად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებიც. შეგახსენებთ, რომ საქართველოში არის კონკრეტული გზის მონაკვეთები, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა მხოლოდ ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით არის დაშვებული.
საბურავებთან დაკავშირებით ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ტემპერატურის კლებასთან ერთად საბურავების წნევაც მცირდება, ამიტომ სიცივეში გაცილებით ხშირად უნდა ამოწმოთ. დარწმუნდით, რომ ეს მაჩვენებელი რეკომენდებული ლიმიტის ფარგლებშია.
ანტიფრიზი და სხვა სითხეები
იმისთვის, რომ მანქანის მინები დაცული იყოს და ავტომობილის მართვაში ხელი არ შეგეშალოთ, აუცილებელია, სპეციალური, ყინვაგამძლე საწმენდი სითხეები შეიძინოთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასევე დაგჭრდებათ ანტიფრიზი.
შეჯამება
ყინვისას ზამთარში ავტომობილს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. მნიშვნელოვანია, იცოდეთ, როგორ მოუაროთ და იზრუნოთ მასზე, რათა მოულოდნელი სიურპრიზები არ დაგხვდეთ. თუ ჩვენს რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ, ზამთრის ყინვას მომზადებული შეხვდებით.