საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს. სააგენტოს განცხადებით, თითქოს ფოთის საზღვაო ნავსადგურში სანქცირებული გემი იმყოფება - არის სიცრუე და სიმართლეს არ შეესაბამება.
მათივე ცნობით, სააგენტო განაგრძობს საერთაშორისო საზღვაო უსაფრთხოების, დაცულობისა და გარემოს დაცვის სტანდარტების დაცვას, ასევე გემის შესვლის დროს მოქმედი სანქციური რეჟიმების სრული დაცვით საქმიანობას.
"საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ ტანკერი Olga, რომელიც დაზღვეულია The American Club (USA) — American Steamship Owners Mutual Protection & Indemnity Association-ში და ამჟამად იმყოფება ფოთის საზღვაო ნავსადგურში, არ წარმოადგენს ევროკავშირის ან შეერთებული შტატების სანქციების ობიექტს.რუსეთის ფედერაციის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ჩამოიტანა დიზელის საწვავი, რომლის საბოლოო დანიშნულებაა სომხეთის რესპუბლიკა.
ოპერაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, საერთაშორისო საზღვაო რეგულაციებისა და ყველა მოქმედი სანქციური რეჟიმის სრული გათვალისწინებით.საწვავის ტრანზიტი მიმდინარეობს შესაბამისი უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და საბაჟო მოთხოვნების სრული დაცვით.საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ყველა ნავსადგურში გემების შესვლა მკაცრად კონტროლდება საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის სრული დაცვით.
საქართველოს ნავსადგურები არ გამოიყენება, მათ შორის მესამე სახელმწიფოების მიერაც, სანქციების თავიდან აცილების მიზნით.აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნავსადგურებში შესვლამდე ნებისმიერი გემი წინასწარ თანხმდება შესაბამის სახელმწიფო კომპეტენტურ ორგანოებთან, რაც მიზნად ისახავს სანქცირებული გემების შესვლის თავიდან აცილებას საქართველოს ნავსადგურებში. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა, თავი შეიკავონ მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად", - აღნიშნულია განცხადებაში.