მალე, საქართველოში უვნებელი და საკვებად ვარგისი სურსათი აღარ გადაიყრება და ის გაჭირვებულ მოსახლეობას დაურიგდება. ქვეყანაში პირველი სურსათის ბანკის შექმნაზე მუშაობა აქტიურ ფაზაშია გადასული და უკვე დაწყებულია სასაწყობო სივრცეების მოწყობაც, სადაც სურსათი განთავსდება და შემდეგ უკვე, წესების დაცვით, ბენეფიციარებს გადაეცემა.
როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში პროექტის ინიციატორი ორგანიზაცია - FAO Georgia-ს პოლიტიკის უფროსმა ჯუბა მარუაშვილმა განაცხადა, პირველი სურსათის ბანკი საქართველოში საპილოტე რეჟიმში ფუნქციონირებას 2025 წლის პირველივე კვარტალიდან დაიწყებს და ეს ვადებში დაემთხვევა “სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ” ახალი კანონის სრულად ამოქმედებასაც, რომელიც ძალაში ასევე მომავალი წლის პირველი იანვრიდან შევა.
„სურსათის ბანკის საქმიანობისთვის, საწყის ეტაპზე, საპილოტე რეგიონად წყალტუბოს მუნიციპალიტეტი შეირჩა, სადაც მოსახლეობის სურსათზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება. თავად, სასაწყობო სივრცეები კი მოეწყობა როგორც წყალტუბოში, ისე თბილისში. აღსანიშნავია, რომ მთლიანად ეს პროექტი ევროკავშირისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერაა დაფინანსებული და მას ორგანიზაცია People In Need ახორციელებს. თავად სურსათის ბანკის იდეა კი თავის თავში ორ მიმართულებას და მიზანს მოიცავს, პირველი სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირებაა, მეორე კი გაჭირვებული მოქალაქეების სურსათით უზრუნველყოფა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ საქართველოში სურსათის დანაკარგების შემცირების კუთხით, სტრატეგიული დოკუმენტიც მზადდება“, - აღნიშნა ჯუბა მარუაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, სურსათის ბანკის შექმნის პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქართული ბიზნესსექტორის აქტიურობას და ჩართულობას.
„სურსათის დანაკარგების, მისი ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ“ კანონპროექტის ფარგლებში, რომელიც როგორც უკვე გითხარით სრულად პირველი იანვრიდან ამოქმედდება, ბიზნესსექტორს შესაძლებლობა ექნება, ქველმოქმედებაში ჩაერთოს აბსოლუტურად ნებაყოფლობით. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ გარდა საქველმოქმედო მიზნებისა, ბიზნესს ფინანსური ინტერესიც ექნება და ისინი საგადასახადო შეღავათებს მიიღებენ. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ქართული ბიზნესსექტორის მზაობა და ინტერესი ძალიან მაღალია. პროექტში თავდაპირველად რითეილ სექტორი ჩაერთვება, მოგვიანებით კი მას ჰორეკა სექტორიც შეუერთდება. ისინი უვნებელ და საკვებად ვარგის პროდუქტებს, დონაციის სახით, სურსათის ბანკს გადასცემენ“,- განმარტა ჯუბა მარუაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მთელ მსოფლიოში ძალიან აქტუალურად დგას საკითხი სურსათის ნარჩენების შემცირებასთან დაკავშირებით. როგორც გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციაში ამბობენ, გლობალურად წარმოებული სურსათის, თითქმის ერთი მესამედი, ნარჩენად გადაიქცევა. საქართველოც არ არის გამონაკლისი და აქაც ყოველწლიურად ძალიან დიდი რაოდენობის სურსათი მიდის ნაგავსაყრელზე. 2021 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 600 ათასი ტონა სასურსათო პროდუქტი გადაიქცა ნარჩენად და ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე მზარდია.