Starring Georgia-ს ფარგლებში, წელს საქართველო უპრეცედენტოდ ბევრ ტურისტს ელოდება. მხოლოდ ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტისთვის თბილისს 20 000-მდე ტურისტი ეწვევა, რაც გასული ორი წლის მუსიკალური სეზონის ჯამურ მაჩვენებელსაც კი აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას Starring Georgia ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გაყიდული ბილეთების სტატისტიკის მიხედვით, უცხო ქვეყნებში მცხოვრები მელომანების ინტერესი არამხოლოდ ჯასტინ ტიმბერლეიკის, არამედ Starring Georgia-ს მიერ უკვე დაანონსებული სხვა არტისტების – Guns N’ Roses-ისა და Empire Of The Sun-ის კონცერტების მიმართაც მზარდია.
„წელს განსაკუთრებულ ინტერესს ავლენენ მელომანები ევროპის ქვეყნებიდან, მაგალითად: ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, შვედეთიდან, ხორვატიიდან თუ ბულგარეთიდან. ტიმბერლეიკის კონცერტისთვის ბევრი ტურისტი ჩამოდის, ასევე, აშშ-დან და კანადიდანაც კი. გარდა ამისა, საკმაოდ მასშტაბური იქნება ტურისტების რაოდენობა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, რომელთა შორის წელს ყაზახეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი ლიდერობენ. ჩვენს ქვეყანას, ასევე, ესტუმრებიან არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, საუდის არაბეთიდან, თურქეთიდან და კატარიდან.
აღსანიშნავია, რომ წელს უჩვეულოდ დიდი ინტერესი დაფიქსირდა ისეთი ქვეყნებიდანაც, როგორებიც არიან: იაპონია, ტაილანდი, ვიეტნამი, ფილიპინები და სხვა.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ამერიკელი სუპერვარსკვლავის, ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტის ყველა, ანუ 55 000 ბილეთი რეკორდულად სწრაფად, ექვს საათში გაიყიდა. საქართველოდან ბილეთები 35 000-მდე მომხმარებელმა შეიძინა.
თუ Starring Georgia-ს გასული ორი წარმატებული სეზონის ფარგლებში საქართველოს 18 750 ტურისტი ეწვია, წელს მათი რიცხვი გაცილებით დიდი იქნება, რაც საქართველოს ეკონომიკის გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. წლევანდელ „ვარსკვლავთცვენას“ „ციცინათელაში“ 30 მაისს დაგეგმილი Guns N’ Roses-ის კონცერტი გახსნის, რაც იმას ნიშნავს, რომ სეზონი მაისშივე დაიწყება. გააქტიურდება სასტუმროები, რაც, თავის მხრივ, კვების, ტრანსპორტირებისა და ტურიზმის მომიჯნავე სხვა სფეროების გააქტიურებას გამოიწვევს. გააქტიურდებიან ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესები, რომლებიც ათობით ათას ტურისტს საკუთარ მომსახურებას შესთავაზებენ.
თუ ციფრებზე ვისაუბრებთ, გასული ორი წლის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ Starring Georgia-ს მიერ გამართული ღონისძიებების ფარგლებში, მხოლოდ უცხოელი ტურისტებისგან მიღებულმა შემოსავალმა 60 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
საბოლოო ჯამში, ორი წლის განმავლობაში Starring Georgia-მ 125 000 მელომანი გააერთიანა, გასული წლის მაისში კი, არატურისტულ სეზონზე ორჯერ შეძლო შეკვეთილში ქართველი და უცხოელი ვიზიტორების მოზიდვა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ეს ციფრები გაცილებით ნაკლებია იმასთან შედარებით, რასაც წელს უნდა ველოდოთ“, – აღნიშნულია Starring Georgia-ს ინფორმაციაში.