გასულ წელს მერძევეობის დარგის განვითარებისთვის ბიუჯეტიდან 1.5 ლარი დაიხარჯა. ხელშეკრულება 40-მდე კომპანიასთან გაფორმდა. ამის შესახებ სოფლის განვითარების სააგენტოს 2025 წლის ანგარიშშია საუბარი.
2025 წელს რძის სექტორში 2.3 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდო. რაც შეეხება ბოლო ხუთი წლის მონაცემებს, 2020-2025 წლებში რძის სექტორში 71 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, ეს თანხები დარგის სწრაფი განვითარებისთვის არასაკმარისია. საქართველო კი ნედლი რძის წარმოების მიმართულებით დეფიციტურ ქვეყნად რჩება.
როგორც "რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, სახელმწიფომ კერძო სექტორთან ერთად რძის განვითარების ახალი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს.
„ჩვენ ვართ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა რძესთან მიმართებაშიც. პატარა ნაზრდი გვაქვს პროდუქტიულობის კუთხით, ინდუსტრიული ფერმების მიერ წარმოებული რძე მცირედით გაზრდილია, თუმცა მათ მიერ წარმოებული რძე 3-5%-ს არ აჭარბებს. მაჩვენებლები რომ გაიზარდოს, წვრილ ფერმერებს ფინანსებზე მეტი წვდომა უნდა ჰქონდეთ,"- აღნიშნა კახა კონიაშვილმა.
რაც შეეხება ფასებს. რძის სექტორის წარმომადგენლების განმარტებით, ბაზარს ამ მიმართულებით თამაშის წესებს იმპორტიორები კარნახობენ, მათთან კონკურენცია კი ადგილობრივ წარმოებას უჭირს. მითუმეტეს იმ ფონზე, როცა კერძო სექტორის თქმით, ბაზარზე კვლავ გამოწვევად რჩება არაკეთილსინდისიერი წარმოების არსებობა, რომლებიც რეგისტრაციის გარეშე ოპერირებენ და არაჯანსაღ კონკურენტულ გარემოს ქმნიან.