რძის გადამამუშავებელი საწარმო „შირაქი“ გაფართოვდა. კომპანიამ ახალ საწარმოში 3 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა და დღიური წარმადობა გაზარდა. როგორც „შირაქის“ დამფუძნებელი ნიკოლოზ ბენიაიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტავს, კომპანია დღიურად 10 ტონა ნედლ რძეს აწარმოებს.
„ახლახან გადავედით ახალ ქარხანაში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, პირველ ეტაპზე 3 მილიონი ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ, თუმცა კიდევ მოითხოვს დამატებით ინვესტიციას. ბაზარი ნელ-ნელა გავზარდეთ. ვგეგმავთ ახალი, უფრო მასშტაბური ფერმის გაკეთებას და ამ მიმართულებით გაფართოებასაც. წინსვლა გვაქვს, ვიზრდებით, თუმცა საწარმოს მასშტაბიდან გამომდინარე, წარმოების ზრდა 5-ჯერ შეგვიძლია,"-აცხადებს ბენიაიძე.
კომპანია რძემჟავა პროდუქტების ასორტიმენტის გაფართოებასაც აპირებს. მათ შორის, ევროპული ყველის ნაირსახეობების წარმოებას გეგმავს
„გვყავდა ფრანგი სპეციალისტი, რომელიც ახალი პროდუქტების დანერგვაში სამომავლოდაც დაგვეხმარება. გვინდა, უახლოეს ერთ წელში მოცარელას წარმოებაც დავიწყოთ. ამას სჭირდება ახალი დანადგარებიც. თუ ბაზარი გაგვიშვებს, ასორტიმენტის გაფართოების მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებთ,“-აღნიშნა ნიკოლოზ ბენიაიძემ.
მისივე თქმით, ბაზარზე ფალსიფიცირებული რძის პროდუქციის მწარმოებლები უნდა გამოვლინდნენ და ამ მხრივ უფრო მეტი მუშაობაა საჭირო.
„თუ არ გამოვიდნენ ჩრდილიდან ფალსიფიკატორები, არ დარეგისტრირდნენ ოფიციალურად, არ დანერგეს HACCP-ი, ეს ართულებს ოპერირებას. მომხმარებელი შეცდომაშია შეყვანილი. ამიტომ კეთილსინდისიერი მეწარმეები ძნელად იზრდებიან. ბევრმა ვერც გაუძლო კონკურენციას და არის რამდენიმე საწარმოც გაჩერებული.“-აღნიშნა ნიკოლოზ ბენიაიძემ.
შეგახსენებთ, "შირაქი" 2012 წელს დაფუძნდა. ამჟამად კომპანია რამდენიმე დასახელების ყველს და რძის პროდუქტებს აწარმოებს. მათ შორისაა, შირაქის სულგუნი, შებოლილი სულგუნი, შირაქის ქართული ყველი, შირაქის იმერული ყველი "ექსტრა",შირაქის ნადუღი და სხვა. წარმოებული პროდუქციის ძირითადი ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. მცირე ნაწილი კი ექსპორტზეც გადის.
კომპანიის საკუთრებაშია დედოფლისწყაროში მდებარე ფერმა. წარმოებისთვის კომპანია რძეს ადგილობრივი ფერმერებისგანაც იბარებს.