logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ფასების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიას შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს

ფასების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიას შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს

1770209237

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის საორგანიზაციო სხდომაზე, კომისიის წევრებმა თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე აირჩიეს.

დროებით კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს, კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ კი, კომისიის წევრებმა ეკა სეფაშვილი აირჩიეს.

საორგანიზაციო სხდომაზე კომისიის წევრებმა პარლამენტის დროებითი კომისიის დებულება დაამტკიცეს. დებულების თანახმად, კომისიის მიზანია თავისი კომპეტენციის ფარგლებში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების ზრდის საკითხის სისტემური, კომპლექსური და ფაქტებზე დაფუძნებული შესწავლა, ფასების ფორმირების მექანიზმების ობიექტური შეფასება და შესაძლო პრობლემური გარემოებების იდენტიფიცირება. 

„კომისიის მიზანია სრულყოფილად შეისწავლოს სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის სექტორები. მნიშვნელოვანია, რომ შესწავლის პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს და სექტორის ლიდერებისგან მოვისმინოთ თუ რა პრობლემები, გამოწვევებია და როგორ შეიძლება პროცესების ოპტიმიზაცია მოხდეს. იმედს გამოვთქვამ, რომ კონსტრუქციული და საქმიანი შეხვედრების შედეგად, აღნიშნული კომისიის ფარგლებში, მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.

მისივე თქმით, დროებითი კომისია სამუშაო რეჟიმში  საქმიანობას მომავალი კვირიდან გააგრძელებს.

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია 14 წევრისგან შედგება.

შეგახსენებთ, საკანონმდებლო ორგანომ „სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის შესახებ“ პარლამენტის დადგენილების პროექტს 88 ხმით მხარი  გუშინ დაუჭირა.

დროებითი კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების ფორმირების მექანიზმების გამჭვირვალე და ობიექტურ შესწავლას უზრუნველყოფს. კომისია შეიმუშავებს და მოამზადებს შესაბამის დასკვნას და რეკომენდაციებს. პარლამენტის დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა 3 თვით განისაზღვრება. დროებითი კომისია მუშაობას 5 თებერვლიდან დაიწყებს.

როგორც ცნობილია, პრემიერმა 2025 წლის ბოლოს განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც დიდია.

მთავრობის მეთაურის თქმით, ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. პრემიერმა აღნიშნა, რომ მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ.

მისივე თქმით, წინასწარი ანალიზის საფუძველზე, შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასნამატს და შესაბამისად, მაღალ ფასებს განაპირობებს. მათ შორის, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ.

ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით  შექმნილია სამთავრობო საკოორდინაციო კომისია,  რომელსაც  პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.  პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი,  კომისიის წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ათეულ სადისტრიბუციო და სასურსათო პროდუქტის რეალიზაციის ქსელში შევიდნენ და დოკუმენტაცია მოითხოვეს. 23 იანვარს "ფასების სამთავრობო კომისიამ"  შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა.

26 იანვარს მარკეტების და დისტრიბუციის შემდეგ "ფასების სამთავრობო კომისია" მწარმოებლებს შეხვდა. 28 იანვარს კომისია ფარმაცევტებს შეხვდა. შეხვედრა გაიმართა ნავთობიმპორტიორებთანაც. 

გამოგვყევით