საკანონმდებლო ორგანომ „სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის შესახებ“ პარლამენტის დადგენილების პროექტს 88 ხმით მხარი დაუჭირა.
დადგენილების პროექტი სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ წარადგინა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დროებითი კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების ფორმირების მექანიზმების გამჭვირვალე და ობიექტურ შესწავლას უზრუნველყოფს. კომისია შეიმუშავებს და მოამზადებს შესაბამის დასკვნას და რეკომენდაციებს. პარლამენტის დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა 3 თვით განისაზღვრება.
კომისიის წევრთა რაოდენობა, ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების კვოტები საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განისაზღვრება.
„როდესაც კომისია დაიწყებს მუშაობას, საზოგადოებას საშუალება ექნება პირდაპირ ეთერში ადევნოს თვალყური იმ მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში წარიმართება და რომელიც ასევე მიმდინარეობს სამთავრობო კომისიის ფორმატში. საკითხის გადაჭრის გზებზე მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესთან ერთად და მათი ჩართულობით ვიმსჯელებთ. დარწმუნებული ვარ, ერთად ვიპოვით გზებს და ამ პრობლემას გადავჭრით“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
დროებითი კომისია მუშაობას 5 თებერვლიდან დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმა 2025 წლის ბოლოს განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც დიდია.
მთავრობის მეთაურის თქმით, ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. პრემიერმა აღნიშნა, რომ მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ.
მისივე თქმით, წინასწარი ანალიზის საფუძველზე, შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასნამატს და შესაბამისად, მაღალ ფასებს განაპირობებს. მათ შორის, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ.
ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით შექმნილია სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი, კომისიის წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ათეულ სადისტრიბუციო და სასურსათო პროდუქტის რეალიზაციის ქსელში შევიდნენ და დოკუმენტაცია მოითხოვეს. 23 იანვარს "ფასების სამთავრობო კომისიამ" შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა.
26 იანვარს მარკეტების და დისტრიბუციის შემდეგ "ფასების სამთავრობო კომისია" მწარმოებლებს შეხვდა. 28 იანვარს კომისია ფარმაცევტებს შეხვდა. შეხვედრა გაიმართა ნავთობიმპორტიორებთანაც.