logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

2025 წლის აგვისტო-დეკემბერში საქართველოდან თხილისა და ხილის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა

2025 წლის აგვისტო-დეკემბერში საქართველოდან თხილისა და ხილის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა

1767009949

2025 წლის 1 აგვისტოდან 28 დეკემბრის ჩათვლით საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, განსაკუთრებით თხილისა და სეზონური ხილის მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

აღნიშნულ პერიოდში ექსპორტირებულია 10.9 ათასი ტონა თხილი, რომლის ღირებულებამ 109.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი გაიზარდა 173.7 ტონით, ხოლო შემოსავალი - 67%-ით (43.9 მლნ აშშ დოლარით). 1 კგ თხილის საშუალო საექსპორტო ფასი იყო 10.04 $, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 69%-ით აღემატება. თხილის ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებია - იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, ჩეხეთი და პოლონეთი, სადაც ჯამურად 7.1 ათასი ტონა თხილი გავიდა.

აგვისტო-დეკემბერში ექსპორტირებულია 9.7 ათასი ტონა ვაშლი, რომლის ღირებულებამ 7.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობა გაიზარდა 31%-ით (2.3 ათასი ტონით), ხოლო შემოსავალი - 49%-ით (2.3 მლნ აშშ დოლარით). 1 კგ ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასი 0.73 $ იყო, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 14%-ით აღემატება. ქართული ვაშლი ექსპორტირებულია რუსეთში, თურქეთში, ბელარუსში, სომხეთსა და ერაყში.

2025 წლის 1 სექტემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებულია 5.3 ათასი ტონა ხურმა და კარალიოკი, რომლის ღირებულებამ 3.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 1 კგ ხურმისა და კარალიოკის საშუალო საექსპორტო ფასი 0.75 $ იყო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 11.1%-ით აღემატება. ხურმისა და კარალიოკის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია რუსეთი, სომხეთი, უკრაინა, თურქეთი, ბელარუსი და მოლდოვა.

ამავე პერიოდში ექსპორტირებული მანდარინის რაოდენობამ 25.9 ათასი ტონა შეადგინა, ხოლო შემოსავალმა 15.2 მლნ აშშ დოლარი. 1 კგ მანდარინის საშუალო საექსპორტო ფასი 0.59 $ იყო, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9%-ით გაზრდილია. მანდარინის ძირითადი საექსპორტო მიმართულებებია რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, უკრაინა, ყაზახეთი და უზბეკეთი.

გამოგვყევით