logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

დავით სონღულაშვილმა პორტუგალიის სოფლის მეურნეობის და მეთევზეობის მინისტრ ჟოზე მანულე ფერნანდესთან პარიზში სამუშაო შეხვედრა გამართა

დავით სონღულაშვილმა პორტუგალიის სოფლის მეურნეობის და მეთევზეობის მინისტრ ჟოზე მანულე ფერნანდესთან პარიზში სამუშაო შეხვედრა გამართა

1748105820

„საქართველოსა და პორტუგალიას შორის თანამშრომლობა სულ უფრო მეტად ინტენსიური გახდა სხვადასხვა სექტორების მიმართულებით. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ერთობლივად ვიმუშაოთ სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიმართულებებით ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა პორტუგალიის სოფლის მეურნეობის და მეთევზეობის მინისტრ ჟოზე მანულე ფერნანდესთან საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. 

აღინიშნა, რომ პორტუგალიას სოფლის მეურნეობის, მათ შორის თევზჭერის სექტორის განვითარების კარგი გამოცდილება აქვს. საქართველო თევზჭერის სექტორის განვითარების პროცესშია - მიღებულია ახალი კანონმდებლობა და დამტკიცებულია აკვაკულტურის განვითარების სტრატეგია. როგორც დავით სონღულაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, პორტუგალიის გამოცდილების გაზიარება ძალიან საინტერესო და სასარგებლო იქნება.

მხარეებმა ღვინის სექტორში თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. 2024 წლის თებერვალში, პორტუგალიაში ნატურალური ღვინის საერთაშორისო გამოფენა „Simplesmente Vinho“ გაიმართა, სადაც საქართველო მასპინძელი ქვეყნის სახით იყო წარმოდგენილი. 

„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირთან გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების უზარმაზარი პოტენციალი არსებობს. ვფიქრობ, ამ პოტენციალის გამოყენებისთვის აქტიურად უნდა ვითანამშრომლოთ“, - აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

პორტუგალიელ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე დავით სონღულაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ საქართველო აგრძელებს ასოცირების შეთანხმებით დაკისრებული ვალდებულებების აღსრულებას, რაც არის გზამკვლევი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. შესაბამისად, ევროკავშირის გაფართოების პროცესის დაწყების დროს, „საქართველო მზად იქნება გაწევრიანების განაცხადის გაკეთებისთვის. მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს ვითანამშრომლოთ ევროკავშირთან. ამასთან, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების გარანტიების არსებობა პარტნიორების მხრიდან“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მიმართ იყო ძლიერი საერთაშორისო წნეხი, თუმცა კანონმდებლობა რაც იქნა მიღებული უკავშირდებოდა საერთაშორისო გამჭვირვალობას, რაც ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

„მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან. ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო მეგობრული თანამშრომლობის გარდა, დეტალურად განვიხილეთ ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, თევზჭერისა და აკვაკულტურის განვითარების საკითხები. ყურადღება გავამახვილეთ ამ სფეროებში არსებულ გამოწვევებზე, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. სწორედ ეს პარტნიორობა არის ის საფუძველი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, ერთად ვიპოვოთ ეფექტიანი გზები არსებული სირთულეების დასაძლევად. მნიშვნელოვანია, ევროპამ მოუსმინოს საქართველოს და დროულად მოხდეს მისი ევროკავშირში ინტეგრაცია”, - განაცხადა პორტუგალიის სოფლის მეურნეობის და მეთევზეობის მინისტრმა, ჟოზე მანულე ფერნანდესმა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად, შეხვედრას საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე კოკაია და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, ვასილ ბასილაძე და გიორგი იაკობაშვილი ესწრებოდნენ.

გამოგვყევით