მესტიის მუნიციპალიტეტში სასტუმროების თვალსაზრისით კონკურენცია იზრდება. აქტიურად იხსნება სხვადასხვა ტიპის სასტუმროები, რაც ფასის დარეგულირებასაც განაპირობებს, - ამის შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ჟორჟოლიანმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე თქმით, აქამდე თუ სასტუმროები მხოლოდ მესტიაში იყო, ახლა გეოგრაფია გაფართოვდა და საოჯახო ტიპის სასტუმროები თითქმის ყველა თემში, მათ შორის, ჭუბერშიც გაჩნდა.
კახა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, მესტიას აქვს რესურსი, რომ დღიურად 2500-მდე ვიზიტორი მიიღოს, რაც შეეხება სასტუმროებს ამ დროისთვის საოჯახო სასტუმროების რაოდენობა 1000-მდეა, ხოლო შედარებით მსხვილი სასტუმროების რიცხვს 6-ს შეადგენს.
"მესტიაში უკვე გამოჩნდნენ ტურისტული ჯგუფები, მათ შორის, პოლონეთიდან, ჩინეთიდან და ა.შ. ამ დროისთვის, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთან ტურისტების შესამჩნევი რაოდენობაა. საოჯახო ტიპის სასტუმროების პირადი სახსრებითა და რესურსით ეწევიან მარკეტინგულ კამპანიებს, რათა მათი ცნობადობა გაზარდონ", - აცხადებს კახა ჟორჟოლიანი.
მანვე აღნიშნა, რომ ზაფხულის სეზონზე ტურისტული ნაკადების დასახვედრად მესტიის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
"განახლდა გზების კეთილმოწყობა, რაც საბოლოო ჯამში თავისუფალ და შეუზღუდავ გადაადგილებას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მესტიის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა წელს სრულდება, რაც ასევე, ხელს შეუწყობს ვიზიტორთა ზრდას", - აღნიშნა კახა ჟორჟოლიანმა.